Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ნატოში ინტეგრაციის წლიური ეროვნული პროგრამა


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიისა და ნატოში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის ერთობლივი სხდომა.

დამტკიცდა საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამა (ANP), რომელიც ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმია.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველო ნატოს განსაკუთრებული და საიმედო პარტნიორია, წელს ქვეყანა უმასპინძლებს ალიანსის გენერალურ მდივანს, სამხედრო კომიტეტსა და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს, რაც განსაკუთრებულ პატივთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაა და ხაზს უსვამს, რომ საქართველოს-ნატოს ურთიერთობები ახალ დონეზეა

ბახტაძის შეფასებით, უმაღლეს დონეზეა ევროკავშირთან ურთიერთობისა და ინტეგრაციის ხარისხი და ქვეყანას აქვს რესურსი ვადაზე ადრე შეასრულის ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების გარკვეული ნაწილი.

5 მარტს ბრიუსელში დაგეგმილია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომა, რომელზეც ქართული მხარე წარადგენს „ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკას."

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომისიების ერთობლივ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა წარადგინა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმისა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების შესრულების წლიური ანგარიში. სხდომაზე დამტკიცდა ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა.

XS
SM
MD
LG