Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის ხელშეწყობა შესაძლოა დასჯადი გახდეს

ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის ხელშეწყობა დასჯადი გახდება.

უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ევროკავშირი საქართველოს ზომების მიღებას სთხოვს.

კერძოდ გერმანიამ, საფრანგეთმა, შვედეთმა ღიად დააფიქსირეს, რომ მსგავსი ფაქტები შეიძლება უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინაპირობა გახდეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. კერძოდ სისხლის სამართლის კოდექს ემატება მუხლი, რომლითაც დასჯადი იქნება საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა/ორგანიზება ან უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქისთვის უფლებებისა ან თავისუფლებების დარღვევის შესახებ მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელის შეწყობა/ორგანიზება.

მსგავსი დანაშაულის გამოაშკარავების მიზნით, შესაძლოა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაც დაიშვას.

„ჩვენი მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნასრულიად უსაფუძვლოა.თუ ადრე 5 პროცენტი კმაყოფილდებოდა, ახლა 1 პროცენტს თუ აკმაყოფილებენ, ზოგ ქვეყანაში კი ეს მაჩვენებელი 0-ს უტოლდება. 2-3 თვის შემდეგ მაინც უკან წამოსვლა უწევთ. თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებში, უვიზო მიმოსვლამდე მე-17 ადგილზე ვიყავით, ახლა მე-2 ადგილზე ვართ “, - განაცხადა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა თამარ ხულორდავამ.

მისი თქმით, თუ საქართველომ თავად არ მიიღო ზომები, 2-3 თვეში ამ საკითხს თავად ევროკავშირი წამოწევს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

​
XS
SM
MD
LG