Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის სანქციების სიაში ბათუმის უნივერსიტეტის რექტორიც მოხვდა


მერაბ ხალვაში
მერაბ ხალვაში

ბათუმის უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში აღმოჩნდა 848 ფიზიკურ პირს შორის, რომლებსაც უკრაინამ სანქციები დაუწესა ქვეყნის საწინააღმდეგო სხვადასხვა სახის მოქმედებისთვის.

ინფორმაცია სანქციების შესახებ მერაბ ხალვაშმა დღეს დილით შეიტყო რადიო თავისუფლებისგან. ბათუმის უნივერსიტეტის რექტორი ამ ფაქტს უცნაურს და გაუგებარს უწოდებს.

„ჩვენ, როგორც უნივერსიტეტს, უკრაინის არაერთ უნივერსიტეტთან გვაქვს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, თუმცა, პირადად მე უკრაინაში არასდროს ნამყოფი არ ვარ და თითქმის ყველა რექტორი, რომლებთანაც მემორანდუმები გაფორმდა, ჩამოდიოდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ - ამბობს მერაბ ხალვაში.

მან რადიო თავისუფლებისგან ინფორმაციის მიღების შემდეგ თავადაც ნახა უკრაინის პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტი სანქციების შესახებ, სადაც არ ჩანს კონკრეტული მიზეზი.

რექტორი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს სევასტოპოლში 2017 წელს ჩატარებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ანტიკური პერიოდის შესახებ.

„მოსაწვევ სიაში შეიძლება ვყოფილიყავი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში იქ არ ჩავსულვარ და არც მოხსენება გამიგზავნია“ - განაცხადა მერაბ ხალვაშმა.

რექტორის ინფორმაციით, კონფერენცია ტარდებოდა უკრაინის ყირიმში მდებარე ტავრიის ხერსონესის მუზეუმ-ნაკრძალში და მასზე მოხსენებისთვის მიიწვიეს, როგორც ანტიკურობის მკვლევარი და ფიჭვნარის არქეოლოგიური ექსპედიციის წევრი.

მერაბ ხალვაშის თქმით, კონფერენციაში მონაწილეობაზე უარი თქვა, რადგან ის ტარდებოდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ამასთან, მონაწილეთა შორის იყო "რუსეთის ანტიკოსების ასოციაცია."

ბათუმის უნივერსიტეტის რექტორის ინფორმაციით, ამჟამად ამზადებს შესაბამის დოკუმენტებს და განმარტებისთვის უკრაინის საელჩოს მიმართავს. მერაბ ხალვაში აპირებს მიმართოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც და საქართველოს საელჩოს უკრაინაში.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 20 მარტს მოაწერა ხელი ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით მიღებულ განკარგულებას, რომლითაც ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებების გამო სანქციები დაუწესდა 294 იურიდიულ და 848 ფიზიკურ პირს.

სანქციების მიზეზებად დასახელებულია:

ქერჩის ხიდის მშენებლობაში მონაწილეობა;

უკრაინის სამხედრო გემების და მეზღვაურების დატყვევებასთან კავშირი;

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდოარჩევნების ორგნიზებისა და ჩატარებისთვის ხელშეწყობა;

ყირიმში უკანონოდ ჩასვლა

ანტიუკრაინული შინაარსის გამოცემების გავრცელება;

უკრაინის კუთვნილი სამუზეუმო კოლექციის უკანონოდ მიღება და გამოყენება;

სანქციები ითვალისწინებს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას და ფინანსური აქტივების დაბლოკვას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG