Accessibility links

site logo site logo

მაკრონი: ნოტრ-დამს ერთად აღვადგენთ


ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელიც გამთენიისას პარიზის ნოტრ-დამთან იმყოფებოდა, ტაძარში გაჩენილ ხანძარს უწოდა უდიდესი ტრაგედია, თუმცა განაცხადა, რომ ყველაზე უარესი თავიდან აიცილეს და ნოტრ-დამს ერთად აღადგენენ.

„ნოტრ-დამი არის ჩვენი ისტორია, ჩვენი ლიტერატურა, ჩვენი სულების ნაწილი, უდიდესი მოვლენების ადგილი და ჩვენი ცხოვრების ეპიცენტრი“ - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ემანუელ მაკრონმა მადლობა გადაუხადა მეხანძრეებს, რომელთა თავდადების წყალობით გადარჩა ტაძრის ორივე კოშკი და ფასადი.

გვიან ღამით ნოტრ-დამის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე სენის სანაპიროზე შეიკრიბა ათასობით ადამიანი. ნაწილი ტაძრის გადარჩენისთვის ლოცულობდა და „ავე მარიას“ მღეროდა.

პარიზის ერთ-ერთ სიმბოლოს, ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი 15 აპრილს, საღამოს გაუჩნდა. ჩამოინგრა ტაძრის შპილი, საათი და სახურავის ნაწილი. გადარჩენილია შენობის ძირითადი კონსტრუქცია და მთავარი ფასადის კოშკები. 400 მდე მეხანძრე ცეცხლს რვა საათზე მეტხანს აქრობდა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს იძიებს პარიზის პროკურატურა. მისი მთავარი ვერსიით, ცეცხლი განზარხ გაჩენილი არ არის. ვარაუდობენ, რომ ხანძარი შესაძლოა, უკავშირდებოდეს ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებს, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო.

პარიზის ნოტრ-დამის მშენებლობა 1163 წელს დაიწყო და 1345 წლამდე გაგრძელდა. მას მსოფლიოში სახელი გაუთქვა ვიქტორ ჰიუგოს რომანმა.

ყოველწლიურად ნოტრ-დამს დაახლოებით 13 მილიონი ადამიანი სტუმრობს. ტაძარში დაცულია ქრისტიანების ერთ-ერთი მთავარი რელიკვია, იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი, რომელიც ხანძარს გადაურჩა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG