Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძე: არ დავუშვებთ, რომ რუსთავში საპატიმრო აშენდეს


გრიგოლ ვაშაძე რუსთავში
გრიგოლ ვაშაძე რუსთავში

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, რუსთავში ჭყონდიდელის დასახლების მცხოვრებთ 16 აპრილს დაჰპირდა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას საპატიმროს არ ააშენებინებს, და თუ ააშენებს, ახალი ხელისუფლება მას ტექნოლოგიურ ცენტრად გადააკეთებს.

„არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ აქ ციხე აშენდეს. თუ აშენდება, საპარლამენტო არჩევნებს როცა მოვიგებთ, ამ ციხეს აუცილებლად დავხურავთ და მის ადგილას გაკეთდება ტექნოლოგიური ცენტრი და ტექნოპარკი, რასაც ეს ქალაქი იმსახურებს“, - უთხრა ვაშაძემ მშენებარე საპატიმროსთან შეკრებილებს, დაახლოებით 40 ადამიანს. მისივე თქმით, მართალია, ისინი გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები არიან, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილობრივ მოსახლეობასთან როგორც რიგითი მოქალაქეები მივიდნენ.

„თბილისიდან როცა მოდიხარ, მარჯვენა მხარეს არის ქალთა კოლონია. გარდაბნის გზაზე, მარცხენა მხარეს, არის ორი პენიტენციალური დაწესებულება. ორივეგან არის უზარმაზარი ტერიტორია, სადაც შესაძლებელია ეს ციხე ააშენო ისე, რომ არცერთ მოქალაქეს არ შეუშალო ხელი ცხოვრებაში“, - მიმართა ვაშაძემ რუსთაველებს და საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მამუკა ჩიქოვანმა, რუსთაველმა პარლამენტარმა, განაცხადა, რომ ერთ წელიწადში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ხელისუფლება ვერ შეძლებს ამ პერიოდში პენიტენციალური დაწესებულების აშენებას. მან მაგალითად მოიყვანა რუსთავი-თბილისის მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც ჩიქოვანის სიტყვებით, 7 წელია შენდება და მისი დასრულება დღემდე ვერ შეძლეს.

ოპოზიციის ლიდერები არ გასაუბრებიან ახალგაზრდებს, რომლებმაც ღამით კარვები გაშალეს საპატიმროს მშენებლობის წინააღმდეგ. ერთ-ერთმა, გიორგი ტყემალაძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ისინი ემიჯნებიან პოლიტიკურ განცხადებებს, ემიჯნებიან იმას, რომ საპატიმროს მშენებლობის საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიზარდოს.

„ჩვენ ვართ სამოქალაქო აქტივისტები, თუმცა მადლობას მოვახსენებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელებიც თავიანთ ნეგატიურ აზრს გამოხატავენ საპატიმროს მშენებლობის მიმართ“, - თქვა გიორგი ტყემალაძემ. გრიგოლ ვაშაძესთან ერთად ჭყონდიდელის დასახლებაში თბილისიდან ჩამოვიდნენ თაკო ჩარკვიანი, ნიკა ვაშაძე და დიმიტრი შაშკინი.

ჭყონდიდელის დასახლებაში, სადაც საბჭოთა პერიოდში სამხედრო ნაწილი იყო დისლოცირებული, პენიტენციალური დაწესებულების მშენებლობა მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG