Accessibility links

site logo site logo

„კლანური მმართველობა უნდა დასრულდეს!“ - პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა


იურისტებმა, უფლებადამცველებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს პარლამენტის შენობასთან. ისინი სასამართლოში კლანური მმართველობის დაკანონების წინააღმდეგ გამოდიან და მიუღებლად თვლიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებულ კანონპროექტს, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 25 აპრილს მესამე მოსმენით განიხილება.

აქციის მონაწილეებს ეჭირათ შემდეგი შინაარსის პლაკატები: „კლანი არ გათეთრდება, თქვენ გაშავდებით!“, „კლანური მმართველობა უნდა დასრულდეს!“, „მართლმსაჯულება გადასარჩენია“.

„პარლამენტი უკვე მესამე მოსმენით აპირებს მიიღოს კანონი, რომელიც იქნება კლანის პოლიტიკური მხარდაჭერის გაგრძელება. ამ კლანს კვლავინდებურად ექნება იმის საშუალება, რომ დანიშნოს - ვინც უნდა, არ დანიშნოს - ვინც არ უნდა, როგორც ის ამას აქამდე აკეთებდა.

არ საჩივრდება მისი გადაწყვეტილებები კანდიდატურების დასახელებასთან დაკავშირებით, ფარული იქნება ყველაფერი და ვერასოდეს გავიგებთ - ვინ, რატომ და რა დამსახურებისთვის იქნა დასახელებული...

არანაირ კანონპროექტს, იდეალურიც რომ იყოს, არ ექნება აზრი... ამ სისტემას მაინც არ ეშველება, რადგან მთავარი პრობლემა კლანის არსებობაშია... პრობლემები არ დამთავრდება, ვიდრე კლანის წევრები არ დატოვებენ სისტემას“, - განაცხადა იურისტმა კახა კოჟორიძემ.

აქციის მიმართ სოლიდარობა გამოხატა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ, რომელმაც პროტესტის ნიშნად დატოვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელთა შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

„მე ვისმენდი მონოლოგს - რა საამური და არაჩვეულებრივია ის ცუდი კანონპროექტი, რომელსაც მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი უმრავლესობამ. ეს იყო აბსოლუტურად ამოვარდნილი კონტექსტიდან და რეალობიდან, რასაც (ანრი) ოხანაშვილი ყვებოდა.

მე ამის მოსასმენად არ მივსულვარ ამ შეხვედრაზე. მე იქ მივედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ომბუდსმენის წარმომადგენლების მოსასმენად“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, მმართველ პარტიას უნდა ჰქონდეს ადეკვატურობის განცდა და როცა ყველა გეუბნება, რომ არ ვარგა, „აღარ უნდა იძახო, რომ უპრეცედენტოდ კარგი კანონპროექტი მიიღე“.

კანონპროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ პარლამენტის სხდომაზე 19 აპრილს მეორე მოსმენით დაამტკიცეს. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, მასში არ არის გათვალისწინებული ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნაში ასახული უმნიშვნელოვანესი რეკომენდაციები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG