Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: ევროსაბჭოში გაწევრიანება საქართველოსთვის ძლიერი სტიმული იყო


საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებამ ძლიერი სტიმული მისცა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და პროცესის დაჩქარებას, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის საგანგებო სხდომაზე, რომელიც საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების მე-20 წლისთავს მიეძღვნა.

საზეიმო სხდომაში მონაწილეობდა ლილიან მორი პასკიე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.

„საქართველოს პროგრესის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი 20 წლის წინ საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანება იყო. რაც დრო გადის, მით უფრო აქტუალურად და დამაჯერებლად ჟღერს საქართველოს პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, ბატონი ზურაბ ჟვანიას მიერ წარმოთქმული სიტყვები - „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“. ევროპელობა ჩვენთვის ნიშნავს დასავლეთთან სრულფასოვან ინტეგრაციას, დემოკრატიის განვითარებას და თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ევროპელობა საქართველოს მოქალაქეებისთვის გაიგივებულია არა მხოლოდ გეოგრაფიულ ან პოლიტიკურ სიახლოვესთან, არამედ უპირველეს ყოვლისა - ღირებულებებთან. ფუნდამენტურ ღირებულებებად პარლამენტის თავმჯდომარემ დემოკრატია და თავისუფლება დაასახელა.

„ამ ღირებულებებიდან დემოკრატია და თავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანია და მათი დაცვისა და განვითარების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში სწორედ ევროპის საბჭო გახლავთ. საქართველოს მიერ არჩეული გზა - გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების სრულუფლებიანი წევრი მხარდაჭერილია როგორც პარლამენტისა და ზოგადად - ხელისუფლების, ისე საქართველოს მთელი მოსახლეობის მიერ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ამ მხრივ საქართველომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია.

„ევროკავშირთან გვაკავშირებს თავისუფალი ასოცირებისა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება, საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებიან შენგენის ქვეყნებში და იმედი გვაქვს, ევროკავშირი ოფიციალურად აღიარებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ასევე ნატოს სახელმწიფოთა ლიდერები ერთხმად აღიარებენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ალიანსთან ინტეგრაციის კუთხით და ოფიციალურად ადასტურებენ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს სრულუფლებიანი წევრი სახელმწიფო. საქართველოს გაწევრიანებამ ევროპის საბჭოში ძლიერი სტიმული მისცა ამ პროცესების დაჩქარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დიდია ევროსაბჭოს როლი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული ფასეულობების ერთგულების ჭრილში.

„ჩვენი ქვეყნის უდიდესი გამოწვევა - საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენა ჩვენს მთელ ტერიტორიაზე, ევროსაბჭოს განსაკუთრებული ყურადღების საგანია. უმნიშვნელოვანესია, რომ ევროპაში ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში ყველაზე ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ განსაკუთრებული როლი შეასრულოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების მოსახლეობის უფლებების დაცვაში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სწორედ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებების საფუძველზე უნდა მოხდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანება უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოში დემოკრატიის დამკვიდრების თვალსაზრისით.

„ევროპის საბჭომ შეასრულა ღირებულებითი ორიენტირის ფუნქცია საქართველოში დემოკრატიული პრინციპების გამყარებაში. ევროსაბჭოში გაწევრიანების პირველივე დღიდან ჩვენს საზოგადოებას კარგად ჰქონდა გააზრებული, რომ სახელმწიფოებრიობა და დემოკრატია ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG