Accessibility links

site logo site logo

მალხაზ მაჩალიკაშვილი: შურისძიების აზრებს ჩემში ვკლავ, საქართველოს პატივისცემით


დამიჭირონ, აქ ვარ... დამიჭირონ, თუ დამნაშავე ვარ, - აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც რუსთაველის გამზირზე გაშლილი კარვების ტერიტორიაზე იმყოფება.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ტერაქტს არ გეგმავდა და შურისძიება მხოლოდ ფიქრებისა და სიტყვების საზღვრებს არ გასცდენია. ის ვერ იხსენებს ამ კონკრეტულ საუბარს, რომელიც სუსის მიერ გამოქვეყნებულ ფარულ აუდიოჩანაწერშია ასახული. მაგრამ ამბობს, რომ მსგავსი შინაარსის საუბრები ჰქონია.

„მე არა მჩვევია, მე არა ვარ ის ადამიანი, მე არ დამიმთავრებია ის სკოლა, რომ მოვიტყუო და ჩემს ღირსებას მე თვითონ შევეხო. მე ამ ერთ წელიწადში იმდენი გავიარე, ამას მხეცი ვერ გაუძლებდა... როცა მამწარებენ, მაქვს ხოლმე ასეთი საუბარი ხან იმასთან, ხან ამასთან... არ მახსოვს, შესაძლოა მეთქვას“, - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

მისი თქმით, გამწარებულ კაცს, რომელმაც სამართალი ვერ იპოვა, ხშირად მოსდის ხოლმე შურისძიების აზრები, მაგრამ, როგორც ამბობს, ის ამის გამკეთებელი არ არის საქართველოს პატივისცემით.

“მე გავიფიქრე, მე მომივიდა ეს აზრი და ბევრჯერ მომდის... მაგრამ ამას ისევ ჩემში ვკლავ - იმ ძალას ვნახულობ ჩემში იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის, ხალხის თანაგრძნობას ვხედავ და ამაზე არ ვარ წამსვლელი.

მაგრამ, როგორც ასეთი, მე ვაინახი, ჩეჩენი, ქისტი კაცი ვარ - მომისმინეთ, მე ჩემს სახლში თვალწინ მომიკლეს შვილი, ერთადერთი ვაჟი. მეც მაქვს ჩემი ღირსება და კაცობა... მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც ვცემ საქართველოს პატივს და მაინც ვცდილობ, რომ კანონის ფარგლებში დავსაჯო ეს ადამიანები...

მე არ მეშინია ციხისა, მე ციხიდან ვიბრძოლებ. მუხლებზე დაცემულიც ვიბრძოლებ... დამიჭირონ, აქა ვარ - თუ ვარ დამნაშავე, დამიჭირონ“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მისი განმარტებით, ხელისუფლების მიზანია გაანადგურონ და „თემირლანის საქმე ჩაწყნარდეს“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 7 მაისს გაკეთებული განცხადებით, გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე.

სუსმა გამოაქვეყნა საუბრის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მალხაზ მაჩალიკაშვილი თავის ძმისშვილს - მორის (ჰუსეინ) აძლევს დავალებას - შეისწავლოს სუსის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავის ტერიტორია სოფელ მაჩხაანში.

მაჩალიკაშვილების ოჯახს სჯერა და ამას მუდმივად უსვამდა ხაზს, რომ სწორედ გოგაშვილი ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას პანკისის ხეობაში, 2017 წლის დეკემბერში, როდესაც სასიკვდილოდ დაიჭრა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან 7 მაისს გაკეთებულ კომენტარში მან უარყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 7 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაცია ტერორისტული აქტის ორგანიზებასთან დაკავშირებით.

„აზრზე არ ვარ, გოგაშვილის მამა სად არის დაკრძალული, ან ვინ არის. ეგ ერთი და მეორე, მე რაც აქ ვდგავარ და იმას ვცდილობ, რომ კანონის ფარგლებით დავსაჯო, ვინც თემირლანთან არის დამნაშავე, ვინც თემირლანის მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა, ამას ვიძახი თორემ. იქ მაჩხაანში რა მინდა.

თუ მაგის სურვილი მქონდა და, თუ მაგის სურვილი მაქვს, როცა გოგაშვილი ცხოვრობს თბილისში. საერთოდ არ შემდგარა ეგ საუბარი ჩვენში. საერთოდ არ ყოფილა. ეგ არის რაღაც ფაბრიკაცია, ეგ არის რაღაც მონტაჟი. დასაკავებელი არაფერი არ მაქვს. დასაკავებელი რომ რამე ჩამედინა, წელიწადნახევარია, მე ქუჩაში ვარ,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG