Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დაკანონდა ღვთისმშობლის წილხვდომილობა


საქართველოს პარლამენტმა 96 ხმით, მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ.

12 მაისის უქმე დღედ გამოცხადების საფუძვლად ასევე დასახელდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღის აღნიშვნა - 2018 წლის 27 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებაზე დაყრდნობით.

საქართველოს შრომის კოდექსის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„12 მაისი – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე, საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე - იმედის დღე“.

კოდექსის დღემდე მოქმედ რედაქციაში 12 მაისის უქმე დღედ გამოცხადების საფუძვლად მითითებული იყო მხოლოდ - საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე.

ცვლილების ინიციატორია საქართველოს მთავრობა, საპატრიარქოსთან კონსულტაციების საფუძველზე.

„საქართველოს საპატრიარქოსთან კონსულტაციების შედეგად, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინება, რომ 12 მაისი გამოცხადდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ, ასევე აისახოს წარმოდგენილი ორგანული კანონის შესაბამის მუხლში“, - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ამავე დოკუმენტში მოთხრობილია ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ იქნა აღიარებული საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად, „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით.

  • შემდგომად უფლის ამაღლებისა, რაჟამს მოციქულებმა წილი ყარეს, საქართველოს მოქცევა წილად ხვდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს.
  • ივერიაში სამოგზაუროდ განმზადებულ ზეციურ დედოფალს გამოეცხადა უფალი და უბრძანა, რომ დარჩენილიყო იერუსალიმში, ხოლო საქართველოში თავისი ხელთუქმნელი ხატით წარმოეგზავნა მოციქული ანდრია პირველწოდებული.
  • ხელთუქმნელი ხატის, შემდგომში აწყურისად წოდებულის, შესახებ მაცხოვარმა ბრძანა, რომ იგი ღვთისმშობლის წილ ანუ მის ნაცვლად დამკვიდრდებოდა ქართველთა მცველად უკუნისამდე ჟამთა ანუ ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე“.

პარლამენტში განხილულ დოკუმენტებში ასევე წერია, რომ:

  • 2 ათასი წლის მანძილზე ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის რწმენამ დიდწილად განსაზღვრა საქართველოს თვითმყოფადობა, კულტურა და ისტორია;
  • საქართველოს მოსახლეობისთვის ღვთისმშობლის წილხვდომილობა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მოვლენას და შესაბამისად - ეროვნულ დღესასწაულს.
  • სწორედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის რწმენამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობა, შესაბამისად, ეს დღესასწაული სცილდება მხოლოდ რელიგიურ საზღვრებს და იძენს საყოველთაო ზეიმის ხასიათს.
  • ღვთისმშობელი საქართველოს მართლმადიდებელთათვის მუდამ იყო, არის და იქნება ქვეყნის გადარჩენის უპირველესი საწინდარი, სიმბოლო ურყევი სასოებისა - ანუ იმედისა.

„შესაბამისად, სრულიად ბუნებრივი და კანონზომიერი იქნება, რომ ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულს დაერქვას - იმედის დღე“, - წერია განმარტებით ბარათში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG