„X საუკუნის ცნობილი ქართული ტაძრის, დოლისყანის, კარიბჭეში ტუალეტი შენდება!“,- თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან დაკავშირებით ინფორმაციას ფეისბუკის გვერდზე ავრცელებს პროფესორი ბუბა კუდავა: „ფოტოები ეს წუთია გამომიგზავნეს. კარიბჭეში უკვე ამოთხრილია ორმოები, რომლებიც რკინის ცხაურითაა დაფარული (ზედ ქვები აყრია). ჩალაგებულია მილები, ტაძარში შეტანილია შესაბამისი მასალა და დღე-დღეზე, ალბათ, ბეტონსაც დაასხამენ".
ბუბა კუდავას ინფორმაციით, ვითარება ცნობილია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის. საქართველოს ელჩი გია ჯანჯღავა მას ადგილზე ეცნობა.
საგარეო სამქეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ შექმნილ ვითარებაში ერკვევიან.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკა ანთიძის თქმით, უწყება ფაქტის უტყუარ დადასტურებას ელოდება, რათა შემდგომი რეაგირების გზები დაგეგმონ:
„ველოდებით ფაქტის უტყუარობის დადასტურებას. ჩვენს საელჩოს ვთხოვეთ ადგილზე ვითარების შესწავლა, ასევე კოლეგა ინსტიტუციებს - ფაქტის გადამოწმება. ამის შემდეგ იქნება ისე სამართლებრივი რეაგირება, რომლის საშუალებასაც იძლევა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა. მანამდე ველოდებით თურქეთში საქართველოს ელჩის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას“.
რაც შეეხება, ზოგადად, დოლისყანის მონასტრის მდგომარეობას, ნიკა ანთიძის თქმით, ის ცუდ მდგომარეობაში არ არის. „სამი წლის წინ ვიყავი ჩასული. იქ ადრე მოქმედი მეჩეთი იყო, თუმცა ახლა აღარ ფუნქციონირებს. თვითონ დოლისყანას ხელის შევლება სჭირდება, მაგრამ მისი ძირითადი სტრუქტურა დაურღვეველია“.
უფრო მძიმე მდგომარეობაშია ოშკი. 2017 წელს საქართველოსა და თურქეთს შოროს გაფორმებული ხელშეკრულებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული. ივნისში საქართველოში თურქეთიდან მოწვეულ სპეციალისტებს ელიან, რათა ერთობლივად, ქართველი სპეციალისტების ჩართვით, განიხილონ ოშკზე სარეაბილიტაციო სამუშაოების სტრატეგია.