Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: მაღაროელების პროტესტი სამართლიანია და ის დროულ რეაგირებას საჭიროებს


„ძირითადი პრობლემები, რომლებსაც მაღაროელები აყენებენ, არის მარტივი და აბსოლუტურად გასაგები“, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჭიათურაში სიტყვით გამოსვლისას, სადაც „ქართული ოცნების“ ლიდერები ადგილობრივებს ხვდებიან.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მაღაროელების პროტესტი სამართლიანია და ის დროულ რეაგირებას საჭიროებს.

„ჩემო ძვირფასო მშრომელებო, თქვენი პროტესტი სამართლიანია და თქვენ ამ გულწრფელ პროტესტს, რა თქმა უნდა, სჭირდება დროული რეაგირება. შევხვდებით ჩვენს მეგობრებს, ჩვენს ძმებს, მოვისმენთ მათ პრობლემებს და ვპირდებით, რომ ვიქნებით შუამავალი მენეჯმენტ კომპანიასთან, რომ მათი ყველა პრობლემა შეძლებისდაგვარად გადაწყდეს დროულად და პირობები გაუმჯობესდეს. მე მოვისმინე თქვენი მაჟორიტარისგან, რომ ჩვენს მაღაროელებს აქვთ ელემენტარული პრობლემები. მაგალითად, კვების პრობლემა. ის რომ მენეჯმენტმა, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ნორმალური კვება, ეს არის ნომერ პირველი ამოცანა. ძალიან მაინტერესებს და მინდა მოვისმინო კომპანიის პასუხი, რატომ არ ხდება ამ პრობლემის მოგვარება. ის, რომ ჩვენს მაღაროელებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ჯანდაცვა, არის თუ არა ეს სამართლიანი მოთხოვნა? ის, რომ მათი ოჯახის წევრებს, უნდა ჰქონდეთ დაზღვევა, არის თუ არა ეს სამართლიანი მოთხოვნა?“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჭიათურაში მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG