Accessibility links

site logo site logo

ტაქსის მძღოლები მერიას ულტიმატუმით მიმართავენ


თუკი დედაქალაქის მერია რეგულაციების ამოქმედებას 2021 წლის 31 დეკემბრამდე არ გადაავადებს, ტაქსის მძღოლები აქციებით იმუქრებიან. მერიას ისინი ვადას 1 ივნისამდე აძლევენ

ამ მოთხოვნით 23 მაისს საორგანიზაციო ჯგუფის 15-მა წევრმა თბილისის მერს ღიად მიმართა.

„ხელისუფლება გვაღარიბებს იმის ნაცვლად, რომ მოქალაქეებს ხელი შეუწყოს. ვინც გვერდში დაგვიდგება და ჩვენს გასაჭირს გაიზიარებს, აბსოლუტურად ყველასთან ვითანამშრომლებთ. ვიბრძვით, რომ გვაცალონ ოჯახების გამოკვება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრი ლევან ხუზაურაშვილი.

საორგანიზაციო ჯგუფის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. 23 მაისს მათ დაგეგმეს შეხვედრა „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლებთან.

ტაქსის მძღოლები უარს ამბობენ:

  • მანქანების თეთრად გადაღებვაზე;
  • მანქანებზე თეთრი ფირის გადაკვრაზე;
  • მარჯვენასაჭიანი ტაქსების აკრძალვაზე;​
  • ტექინსპექტირების წელიწადში ორჯერ გავლის ვალდებულებაზე.

„მე რომ თეთრად შევღებავ მანქანას, ამით ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდება?! ეს ყველაფერი ფასადურია. მარჯვენასაჭიანი მანქანებით მუშაობის უფლება 2019 წლის ბოლომდე გვაქვს. 6 თვეში მილიონებს ვიშოვით და ახალ მანქანებს ვიყიდით თუ რას ფიქრობენ?!“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ლევან ხუზაურაშვილი.

მარჯვენასაჭიანი ავტომანქანებით მგზავრების გადაყვანის უფლება ტაქსის მძღოლებს 2021 წლის 1 იანვრამდე მიეცათ. მძღოლები მოითხოვენ, რომ ეს რეგულაციაც 2021 წლის 31 დეკემბრამდე გადავადდეს.

„არავის ეხალისება ტაქსზე ჯდომა, მთელი დღე საცობებში დგომა და საჭის ტრიალი. უკიდურესი გაჭირვება რომ არის, იმიტომ მივმართეთ ამ საქმეს. რეგულაციების წინააღმდეგი არ ვართ. ჩვენ ვითხოვთ დროს, რომ რეგულაციებს მოვერგოთ“, - ამბობს ლევან ხუზაურაშვილი.

ტაქსის მძღოლებმა ბოლო პერიოდში რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს. 11 აპრილს კი თბილისში გაიმართა მასშტაბური აქცია, რომლის დროსაც ტაქსის მძღოლები ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრამდე ავიდნენ. ამ აქციის ორგანიზებაში მონაწილეობდა „ლეიბორისტული პარტია".

ტაქსის მძღოლებთან მოლაპარაკების პროცესში თბილისის მერია გარკვეულ დათმობებზე წავიდა და, მაგალითად, ტაქსის მძღოლებს მიეცათ საშუალება შეღებვის ნაცვლად, ავტომანქანებს თეთრი ფერის ფირი გადააკრან. შესაღებად ან ფირის გადასაკრავად 700-ლარიანი ვაუჩერები გაიცემა. ასევე 2021 წლის 1 იანვრამდე გადავადდა მარჯვენასაჭიანი ტაქსების აკრძალვა.

თბილისის მერის გადაწყვეტილებით, 2019 წლის ოქტომბრიდან დედაქალაქის ქუჩებში მგზავრების აყვანის უფლება ექნებათ მხოლოდ A კატეგორიის, მხოლოდ თეთრი ფერის ტაქსებს. მათთვის განსაზღვრულია სხვა პრივილეგიებიც. ხოლო B კატეგორიის ტაქსი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, თუმცა მათ მგზავრების ქუჩაში აყვანის უფლება არა აქვთ და შესაძლებელია, რომ კომპანიების ქსელებში გამოძახებით იმუშაონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG