Accessibility links

site logo site logo

ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელებმა ქალაქში მსვლელობა გამართეს


ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელებმა ქალაქში ფეხით მსვლელობა მოაწყეს. ისინი ადგილობრივებს პროტესტის გაზიარებისკენ მოუწოდებდნენ შეძახილებით „მაღაროელებს გაუმარჯოს!“, „ჭაითურას გაუმარჯოს!“ მსვლელობის დასრულების შემდეგ გაფიცული მაღაროელები ქალაქის ცენტრში „ჯორჯიან მანგანეზის“ შენობის გვერდით მდებარე სკვერში შეჩერდნენ სადაც მეშვიდე დღეა აქციას მართავენ.

გუშინ მოშიმშილე მაღაროელების ნაწილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა. 14 მაღაროელი მეშვიდე დღეა შიმშილობს.

მაღაროელთა პროტესტის გამო გაჩერებულია „ჯორჯიან მანგანეზის“ კუთვნილი 11-ვე მაღარო. 500 მაღაროელი მუშაობის განახლებას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებს. გადაკეტილია ქალაქიდან გასასვლელები და შესაბამისად, კოოპერატივების მიერ მოპოვებული მადანიც ქალაქიდან არ გადის. მაღაროელთა მოთხოვნები კი შემდეგია:

  • ხელფასების მატება 30%-ით და რეორგანიზაციის შემდეგ +20%;
  • უკეთესი ჯანდაცვის და სადაზღვეო პირობები მაღაროელებს და მათ ოჯახებს;
  • მაღაროელთა უკეთესი კვება;
  • მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების გადაადგილების აკრძალვა ქალაქის ტერიტორიაზე.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზე“ გაფიცულთა მოთხოვნის ნაწილბრივ დაკმაყოფილებას თანხმდება. ხელფასის 25%-იან მატებას. რასაც მაღაროელები არ თანხმდებიან.

ამასთან კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“ მიიჩნევენ, რომ გაფიცვით დასაქმებულებმა დაარღვიეს არა მხოლოდ კოლექტიური ხელშეკრულების პირობა, არამედ უგულებელყვეს გაფიცვის უფლების კანონიერად გამოყენების ყველა ნორმა. არ გააფრთხილეს კომპანია გაფიცვის დაწყების შესახებ 21 დღით ადრე.

გაფიცულმა მაღაროელებმა, დამსაქმებელთან მოლაპარაკების პროცესში მედიატორის ჩართვაზე უარი განაცხადეს.

დღეს ისინი ხელისუფლებას მოუწოდებდნენ ჩაერთოს მათი მოთხოვნების მოგვარების პროცესში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG