Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კამპანია „იცურე მშვიდად“ მოუწოდებს ხელისუფლებას მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვისკენ


თბილისის წყალსაცავის ტერიტორიაზე, ე. წ. ჩანჩქერთან, კამპანიის „იცურე მშვიდად“ ფარგლებში საპროტესტო აქცია გაიმართა.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ზაფხულის სეზონზე საქართველოში რამდენიმე ათეული ადამიანი იღუპება ზღვაში, ხელოვნურ წყალსაცავებში, ტბებსა და მდინარეებში. პრობლემას წარმოადგენს წყლის ობიექტებზე მოწყობილი კუსტარული რეკრეაციული ზონები, სადაც არ არის უზრუნველყოფილი მაშველების დახმარება და დაუცველია მოქალაქეთა უსაფრთხოება.

პრობლემაა ასევე გამაფრთხილებელი ბანერების არარსებობა და წინასწარი გაფრთხილების სუსტი სისტემები.

აქციის მონაწილეების თქმით, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, 26 მაისს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა, რომელსაც 16 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ ერთხელ ადასტურებს არსებული პრობლემების სიმწვავეს.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ განსაკუთრებული საფრთხის შემცველია ადგილები, სადაც ბანაობა აკრძალულია, მაგრამ სახელმწიფოს და კერძო კომპანიებს ეს ტერიტორიები არა აქვთ დაცული კაპიტალური ბარიერებით და ხშირად ამ ტერიტორიებზე არც გამაფრთხილებელი აბრებია გაკრული.

თბილისის ზღვაზე ე.წ. ჩანჩქერთან, სადაც მდინარე არაგვი ერთვის წყალსაცავს, ბოლო წლებში რამდენიმე ადამიანი დაიხრჩო, მათ შორის - არასრულწლოვნები.

თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორის, ალექსანდრე ცქიტიშვილისა და მოქალაქე მაკა წიკლაურის სარჩელი, რომელიც 2016 და 2017 წლებში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებს ეხება. მოსარჩელეები მოითხოვენ თბილისის მერიამ თბილისის ზღვაზე, ე. წ. ჩანჩქერთან, გაატაროს ადეკვატური უსაფრთხოების ზომები - მოაწყოს მყარი ბარიერები, დააყენოს სათვალთვალო კამერები, გამაფრთხილებელი აბრები და ა.შ. კომპენსაციის ნაწილში მოპასუხე მხარე, ასევე, არის წყლის გამანაწილებელი კომპანია GWP. მესამე პირის სახით პროცესში ჩართულია საგანგებო სიტუაციების სამსახური.

კამპანია „იცურე მშვიდად“ მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად გადადგას კონკრეტული ნაბიჯები საკანონმდებლო ბაზის დახვეწისა და წყლის ობიექტებზე მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით.

კამპანია „იცურე მშვიდად“ 2018 წლის 16 ივლისს დაიწყო. კამპანია აერთიანებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და სამოქალაქო აქტივისტებს და მიმართულია საქართველოში წყლის ობიექტებზე მოქალაქეთა სიკვდილიანობის წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG