Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ბლოგერს დის გარდაცვალების გამო ნიშნის მოგებით მიმართავს


ქუთაისის საკრებულოს წევრი პარტია „ქართული ოცნებიდან“ ნანა კოსტავა საკუთარ ფეისბუკის გვერდზე აქვეყნებს ბლოგერის, სალომე ბარკერის ვიდეოს მინაწერით: „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!“.

ბლოგერის 16 წლის და 26 მაისს, ლაგოდეხში დაიღუპა. მისი ცხედარი მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, ნინოს ხევში იპოვეს. ის სკოლის ექსკურსიაზე იმყოფებოდა.

ნანა კოსტავამ, რომელიც ამასთანავე საკრებულოს გენდერული საბჭოს წევრიცაა, პოსტი სოციალურ ქსელში 28 მაისს გამოაქვეყნა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მისი პოსტი სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, მან პოსტი 30 მაისს წაშალა.

მას შემდეგ, რაც ნანა კოსტავამ 28 მაისის პოსტი წაშალა, მან ფეისბუქის გვერდზე ე.წ. განმარტება გააკეთა:

„ჩემო მეგობრებო, ნამდვილად არ ვიცოდი სალომე ბარკერის ოჯახზე თავსდამტყდარი უბედურება....ვუსამძიმრებ მის ოჯახს და განვიცდი ნამდვილად, მე ჩემი მენტალობიდან გამომდინარე ვებრძვი ჩემი გვერდიდან ქართული ფასეულობებისა და მართლმადიდებლობის შეურაცხმყოფელ ვიდეოებსა და გამონათქვამებს, ჩემი პოსტიც ამას ემსახურებოდა და მეტს არაფერს, მეც შვილების დედა ვარ და ზუსტად ისეთივე შოკს და ტრაგედიას განვიცდი , რასაც ეს ოჯახი. მომიტევეთ და მაპატიეთ“.

საკრებულოს გენდერული საბჭოს წევრი, გვანცა თოთაძე აპირებს, რომ უახლოეს სხდომაზე დააყენოს საკითხი ნანა კოსტავას საბჭოს დაუყოვნებლივ დატოვების თაობაზე. მისი თქმით, მიუღებელია საჯარო მოხელის მხრიდან მსგავსი შინაარსის შემცველი გზავნილების გავრცელება:

„გარდა იმისა, რომ ნანა კოსტავა საბჭოს წევრია, ის არის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. ნაცვლად იმისა, რომ მუშაობდეს იმაზე, რომ ნაკლებად ძალადობრივი განცხადებები კეთდებოდეს, საზოგადოების ცნობიერება გაიზარდოს სხვადასხვა მიმართულებით, თვითონ აკეთებს იმას, რაზეც თვითონ უნდა ჰქონდეს უარყოფითი რეაქცია. ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი როგორც ქუთაისისთვის, ისე ქუთაისის საკრებულოსთვის. მან უნდა დატოვოს გენდერული თანასწორობის საბჭო. ეს პოსტი არ არის მისი აგრესიის გამოვლინების პირველი შემთხვევა. 2017 წელს, როდესაც ჟურნალისტ მაია ასათიანს ქალიშვილი გარდაეცვალა, მაშინაც დაახლოებით მსგავსი შინაარის პოსტი გამოაქვეყნა. ასე რომ ჩემი მოთხოვნის საფუძველი, რომ მან დაუყოვნებლივ დატოვოს გენდერული საბჭო, მხოლოდ ეს ბოლო პოსტი არ იქნება“.

როგორც ქუთაისის საკრებულოს პრესსამსახურში უთხრეს რადიო თავისუფლებას, თუკი საკრებულოს თავმჯდომარე გადაწყვეტს კომენტარის გაკეთებას ნანა კოსტავას პოსტის თაობაზე, საკრებულო განცხადებას გაავრცელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG