Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნანა კოსტავა ქუთაისის საკრებულოს მანდატს ტოვებს


სიძულვილის ენის გამოყენებაში დადანაშაულებული ნანა კოსტავა საკრებულოს დეპუტატის მანდატს, სავარაუდოდ, ორშაბათს დატოვებს. ამის შესახებ მან "ქრონიკას" ექსკლუზიურად განუცხადა.

როგორც ის აცხადებს, მან არ იცოდა სალომე ბარკერის ოჯახში მომხდარი ტრაგედიის შესახებ და სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებული პოსტი არ იყო მიზანმიმართულად დაწერილი. კოსტავა მომხდარის შესახებ თავის წილ პასუხისმგებლობას იზიარებს და ამბობს, რომ ამ დრომდე ყველა დაკავებული პოსტი უკვე დატოვა.

როგორც კოსტავა ამბობს, დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ საკრებულოს ოფიციალურად წერილობით მომდევნო კვირაში მიმართავს.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ნიკა ლატარიას თქმით, იგი არ აპირებს, სიძულვილის ენის გამოყენებაში დადანაშაულებულ ნანა კოსტავასთან ერთად საკრებულოში იმუშაოს.

ნანა კოსტავამ 28 მაისს ფეისბუკის გვერდზე გააზიარა ტრაგიკულად დაღუპული გოგონას დის, ბლოგერის, სალომე ბარკერის ვიდეო და ნიშნის მოგებით მიმართა: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!" 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილი 26 მაისს, ნინოს ხევის ჩანჩქერთან ექსკურსიაზე ყოფნის დროს დაიღუპა. მის პოსტს საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა.

31 მაისს ნანა კოსტავა, ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ ფრაქციის თავმჯდომარეობიდან მოხსნეს. ის ასევე გარიცხეს მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოდან.

ეს ნაბიჯები მოჰყვა ნანა კოსტავას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ არაჰუმანურ პოსტს, რომლითაც მან მიმართა ბლოგერ სალომე ბარკერს, მისი დის, 16 წლის მოზარდის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG