Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IDFI: გუბერნატორების მიერ ავტომანქანით გავლილი მანძილი დედამიწისთვის ორჯერ შემოვლის ტოლია


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გამოაქვეყნა საქართველოში გუბერნატორების ადმინისტრაციების მიერ ავტოპარკის განახლება-შენახვის პრაქტიკის და საწვავისთვის გაწეული ხარჯების ანალიზი.

IDFI-მ 2018 წლის ბოლოს და 2019 წლის აპრილში ცხრავე გუბერნატორის ადმინისტრაციას მიმართა მათ ბალანსზე რიცხული ავტომობილების და 2017-2018 წლებში საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების შესახებ დეტალური საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით.

IDFI-ს ძირითადი მიგნებები:

- 9 გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზე ირიცხება 78 ავტომობილი, რომელთა 49% არის მაღალი გამავლობის, ხოლო 46% არის განპიროვნებული კონკრეტულ თანამდებობის პირზე ან თანამშრომელზე;

- ყველა სახელმწიფო გუბერნატორზე განპიროვნებულია TOYOTA LANDCRUISER-ის მოდელის ავტომობილი, რომელთა უმრავლესობა გუბერნატორის ადმინისტრაციებისათვის უსასყიდლოდ არის გადაცემული;

- გუბერნატორების ადმინისტრაციების ავტოპარკის 73% არ ყოფილა შეძენილი მათი ბიუჯეტის ფარგლებში და ისინი უსასყიდლოთ გადმოცემული იქნა სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ;

- 2015 წლის 21 აგვისტოს ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ რუსთავის მერს მიმართა თხოვნით, გადაეცათ ავტომობილი, რომელიც იმავე დღეს 71,373 ლარად იყო შესყიდული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან;

- 2017-2018 წლებში გუბერნატორების მიერ საწვავის ყოველთვიურ მოხმარებაზე დაწესებული ლიმიტები 700-დან 1,500 ლიტრამდე მერყეობდა;

- 2017-2018 წლებში 7 გუბერნატორის მიერ სულ დახარჯულია 132,208 ლიტრის საწვავი;

- 2018 წელს გურიის გუბერნატორების საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯები არ არის შესაბამისობაში მათ მიერვე გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილ ნორმასთან;

- 2017-2018 წლებში 7 გუბერნატორის მიერ დაფარულია 750 ათასი კილომეტრი. ისინი 2017 წელს საშუალოდ 52.5 ათას კილომეტრს ფარავდნენ, ხოლო 2018 წელს – 54.7 ათას კილომეტრს;

- თითოეული გუბერნატორის მიერ 2017-2018 წლებში გავლილი მანძილი მინიმუმ დედამიწის გარშემო ორჯერ შემოვლის ტოლია. სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორზე განპიროვნებული ავტომობილებით განვლილი მანძილის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ დაახლოებით სამჯერ შემოუარეს დედამიწას;

- 2017-2018 წლებში გუბერნატორებზე განპიროვნებული ავტომობილები საშუალოდ ყოველდღიურად არასამუშაო დღეების ჩათვლით 150 კილომეტრს ფარავდნენ, ხოლო მხოლოდ სამუშაო დღეების დაანგარიშებით – 215 კილომეტრს;

- 2017-2018 წლებში გუბერნატორებზე განპიროვნებული ავტომობილების 100 კმ-ზე საშუალო წვის მაჩვენებელი 15 ლიტრიდან 19.83 ლიტრამდე მერყეობდა.

IDFI-ს დასკვნით, საქართველოს სახელმწიფო გუბერნატორების ადმინისტრაციების ავტოპარკის ანალიზმა ნათლად აჩვენა მის რაციონალურ განკარგვასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები. კერძოდ, გუბერნატორების ადმინისტრაციების ბიუროკრატიული აპარატის ავტოპარკის მასშტაბი, არაეკონომიური მაღალი გამავლობის და ძვირად ღირებული მოდელების მაჩვენებლები და საწვავის მოხმარების არსებული მაჩვენებლები ცალსახად მიუთითებს ოპტიმიზაციის და კონტროლის მექანიზმების გამკაცრების აუცილებლობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG