Accessibility links

site logo site logo

„სტალინთან სექსმა“ რუსი კომუნისტები აღაშფოთა


კომპიუტერული თამაში „სექსი სტალინთან“ 2019 წლის ოქტომბერში გამოვა, თუმცა რუსი კომუნისტები უკვე მის აკრძალვას და მისი შემქმნელების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვენ.

ვიდეოთამაშების ონლაინ-მაღაზია Steam-ის საიტზე განთავსებული აღწერის მიხედვით თამაშის არსი ასეთია - ახალგაზრდა დროში მოგზაურს შესაძლებლობა ეძლევა გაიცნოს „მსოფლიოს უდიდესი დიქტატორი“ - სტალინი და „მისი დამალული საიდუმლოებები“ ამოხსნას. როგორც ჩანს, მოთამაშეს შეეძლება საბჭოთა ლიდერის წამება და მისი „ცდუნება“.

პარტია „რუსეთის კომუნისტების“ ლიდერმა მაქსიმ სურაიკინმა, რადიოსადგურ „გოვორიტ მოსკვასთან“ საუბრისას თამაშს „საბჭოთა წარსულის და მისი დიადი ლიდერის აბუჩად აგდება“ უწოდა და მისი აკრძალვა, შემქმნელების წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმის აღძრა მოითხოვა.

„რუსეთის კომუნისტური პარტიის“ ლიდერის, გენადი ზიუგანოვის წარმომადგენელმა კი ონლაინ-გამოცემა Daily Storm-ს უთხრა, თამაშის შექმნაში „ექსტრემიზმია და შუღლის გაღვივების ელემენტებს ვხედავთო“. მანვე განაცხადა, რუსეთის კომპარტია თამაშის აკრძალვას არ ითხოვს, რადგან „ყველა სულელის ყოველ ამოსუნთქვაზე რეაგირება ვერ გვექნებაო“, თუმცა, იქვე დასძინა, „ჩვენი ხალხის მორალურ-ეთიკური პრინციპების შებღალვა სახელმწიფო სისტემამ არ უნდა დაუშვასო“.

„სექსი სტალინთან“ დამოუკიდებელი დეველოპერების მიერ შეიქმნა. კომპანიის შესახებ ინტერნეტში ძალიან მწირი ინფორმაციაა, მხოლოდ ის, რომ მას Boobs Dev ეწოდება (რაც ქართულად „ძუძუკები დეველოპმენტად“ შეგვიძლია ვთარგმნოთ), სათავეში ვინმე გრიგორი უდგას და გამოშვებული აქვს თამაში Boobs Saga. ორივე თამაშის აღწერა სავსეა ორთოგრაფიული და გრამატიკული შეცდომებით და არასწორი ინგლისურით.

სტალინის ავ-კარგიანობის საკითხი რუსეთში დღემდე განსჯის საგანია. წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი მას პოზიტიურ ფიგურად მიიჩნევს. თუმცა, მეორე კვლევის თანახმად, სტალინის მხარდამჭერების მხოლოდ 5 პროცენტი ისურვებდა მისი ხელმძღვანელობის დროს ცხოვრებას.

აპრილში, კომიქსებზე დაყრდნობით გადაღებულ ამერიკულ ფილმ „ჰელბოის“ რუსულ თარგმანში, უარყოფით კონტექსტში მოხსენიებული სტალინი ჰიტლერით ჩაანაცვლეს. შარშან კი რუსეთის კინოთეატრებში კომედია „სტალინის სიკვდილის“ ჩვენება აიკრძალა - „ექსტრემიზმის ელემენტების“ გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG