ქართველ ადამიანს არ სჭირდებოდა ოქრო, ვერცხლი, სიმდიდრე, ქართველ ადამიანს სჭირდებოდა მადლი ღვთისა, - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში სულთმოფენობის დღის საკვირაო ქადაგებაზე.
მისი თქმით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ „ის სიწმინდე, ის ტრადიციები, რომელიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს. არ ჰქონდათ მათ სიმდიდრე, მაგრამ ჰქონდათ სიწმინდე და ეს სიწმინდე, ეს ძალა ღვთისა, რომელსაც გვაძლევდა ჩვენ უფალი ღვთისმშობლის შუამდგომლობით, ეს სიწმინდე უნდა შევინარჩუნოთ“.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თქმით, მრავალი განსაცდელი ხდება ადამიანის ცხოვრებაში და განსაკუთრებით ახალგაზრდობა დიდი საფრთხეების წინაშე დგას. „მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაიცავს, დაიფარავს, გადაარჩენს საქართველოს“, - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. მან დღესვე, ეროვნული გამოცდების წინ, აბიტურიენტები დალოცა.