19 ივნისიდან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი გათხრების მორიგ ეტაპს იწყებს. მიზანი აფხაზეთში 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიებაა.
40-ზე მეტ სავარაუდო სამარხზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ექსპერტები სამედიცინო ანთროპოლოგიის დარგში სექტემბრამდე იმუშავებენ. გადაწყვეტილება გათხრების დაწყების შესახებ მიიღეს 2010 წელს კომიტეტის, როგორც ნეიტრალური შუამავლის, ეგიდით შექმნილი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში. მექანიზმი აფხაზი და ქართველი მონაწილეებისგან შედგება და მისი ფუნქცია მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულია - პასუხი გაეცეს გაუჩინარებული ადამიანების ოჯახებს, გაირკვეს იმ ადამიანების ხვედრი და ადგილსამყოფელი, რომლებიც ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულებად მიიჩნევიან, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის დასრულების შემდეგ მრავალი წელია გასული.
2010 წლიდან, აღნიშნული პროცესის ფარგლებში, 430-მდე ადამიანის ნეშტი მოიძიეს, აქედან 163 ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით და გადაეცა ოჯახებს. სხვა მოძიებული ნეშტების იდენტიფიცირების პროცესი გრძელდება.
დაწერეთ კომენტარი