Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთაველის გამზირზე სულ მცირე 240 ადამიანი დაშავდა


240-მდე ადამიანი აღმოჩნდა თბილისის კლინიკებში რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლის შედეგად.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსის ავთანდილ თალაკვაძის მიერ 12 საათისთვის გავრცელებული ინფორმაციით, 240-მდე პაციენტს შორის 80-მდე პოლიციელია.

ავთანდილ თალაკვაძის ცნობითვე, კლინიკებში რჩება 102 პაციენტი, ერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა და ორს ოპერაციას უკეთებენ. ორ პაციენტს თვალის ამოღება დასჭირდა.

20 ივნისს, თბილისში საპროტესტო აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს სერგეი გავრილოვს.

დღის განმავლობაში ცალკეული აქციების შემდეგ, საღამოს 7 საათიდან საქართველოს პარლამენტთან დაიწყო ხალხმრავალი აქცია, რომელზეც ოპოზიციურმა პარტიებმა მოითხოვეს პარლამენტის თავმჯდომარის, შინაგან საქმეთა მინისტრის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადადგომა.

მოგვიანებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს შესთავაზა პარლამენტის შენობა დაეკავებინათ და მოთხოვნების შესრულებას იქ დალოდებოდნენ. პოლიციელებმა და სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს. აქციის მონაწილეები პარლამენტთან განლაგებულ სამართალდამცავებს სხვადასხვა საგანს ესროდნენ.

პარლამენტში ძალით შესვლის რამდენიმე მცდელობის შემდეგ, სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის მონაწილეები პოლიციელებს ქვებს, ბოთლებს და სხვა საგნებს ესროდნენ. ორივე მხრიდან დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი. დაშავდნენ ჟურნალისტებიც.

ოპოზიციის წარმომადგენელთა მტკიცებით, ხელისუფლებამ ჯერ მოლაპარაკება შესთავაზა, თუმცა, თითქმის მაშინვე დაიწყო ძალის გამოყენებაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG