Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებულია ოთხი პირი 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით


შს სამინისტროს ინფორმაციით, 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს. ინფორმაცია ცნობილი გახდა 4 ივლისს, 21:00 საათზე, შს სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების პროცესი და ”შესაბამისი მტკიცებულებებისა და სასამართლო განჩინების მოპოვებისთანავე, ეტაპობრივად გაგრძელდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“.

დაკავებულები არიან:

· 1987 წელს დაბადებული ზურაბ ბუდაღაშვილი,

· 1980 წელს დაბადებული კახაბერ კუპრეიშვილი,

· 1994 წელს დაბადებული ცოტნე სოსელია,

· 1974 წელს დაბადებული ბესიკ თამლიანი.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, რა დროსაც სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას და მათთვის წინააღმდეგობის გაწევას. კერძოდ: ზ.ბ. ხელკეტის გამოყენებით არაერთხელ დაესხა თავს სამართალდამცველებს და ძალისმიერად უპირისპირდებოდა მათ. კ.კ. კი პოლიციის მიმართულებით ისროდა სხვადასხვა საგანს, აგრესიულად თავს ესხმოდა და ძალისმიერად უპირისპირდებოდა სამართალდამცველებს. ც.ს. ხელკეტის გამოყენებით თავს დაესხა სამართალდამცველს და ფიზიკურად გაუსწორდა, ხოლო ბ.თ., ასევე, თავს დაესხა პოლიციის არაერთ თანამშრომელს“, - იტყობინება შს სამინისტრო.

საგანგებო ბრიფინგზე ითქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურად გრძელდება გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა ოპოზიციონერ დეპუტატ ნიკა მელიას წინააღმდეგ.

„გამოძიების ფარგლებში, აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე პასუხისგებაშია მიცემული ნიკანორ მელია, რომელსაც პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარუდგინა. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულს შეუფარდა გირაო და დაუწესა მთელი რიგი შეზღუდვები, მათ შორის ელექტრონული მონიტორინგი, რაც ელექტროსამაჯურის ტარების ვალდებულებას გულისხმობს“, - იტყობინება შს სამინისტრო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG