Accessibility links

site logo site logo

გიორგი თაბაგარი: "დიახ, ღირსების მარში შედგა"


დიახ, ღირსების მარში შედგა იმიტომ, რომ ჩვენ არ დავთმობთ საჯარო სივრცეებს. საჯარო სივრცე გვეკუთვნის ჩვენ და იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ვერ გამოვედით იმ რაოდენობის, რა რაოდენობისაც დაგეგმილი იყო თავიდან, ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ გავიზრდებით ყოველწლიურად და ჩვენ არ დავთმობთ სივრცეებს“, - უთხრა „თბილისი პრაიდზე“ ჟურნალისტებს პრაიდის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგარმა. მისი თქმით, ქვეყნის სირცხვილია ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტომ 7 ივლისს უარი უთხრა „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს ტრანსპორტირებასა და დაცვაზე.

შეგვატოვეს მოძალადე ჯგუფებს, დღემდე ლევან ვასაძე ქუჩაშია და აქციებს მართავს მაშინ, როდესაც ჩვენ გვერდით სახელმწიფო არ დაგვიდგა.

ეს არის ძალიან სამწუხარო, ამ სახელმწიფოს სჭირდება გამოფხიზლება, ამ ქვეყანას სჭირდება ნორმალური ხელისუფლება, რომელიც იზრუნებს ამ ქვეყნის წინსვლაზე",- განაცხადა გიორგი თაბაგარმა.

ლგბტქი მსვლელობა თავდაპირველად 22 ივნისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ის 20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო და ამით სოლიდარობა გამოუცხადეს იმ მოქალაქეებს, რომლებიც „სრულიად სამართლიანად აპროტესტებდა პარლამენტის წინ რუსულ ოკუპაციას და რუსი პარლამენტარის სამარცხვინო ვიზიტს საქართველოში“.

თბილისი პრაიდმა 7 ივლისს კიდევ ერთხელ დააანონსა ღირსების მარში და მისი გამართვის თარიღად 8 ივლისი დასახელდა.

თავდაპირველად მარშის გამართვა 8 ივლისს, დილით იგეგმებოდა, თუმცა, ორგანიზატორებმა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ღონისძიების საბოლოო დროდ 19 საათი განსაზღვრეს.

ღირსების მარშის ჩაშლის მოტივით, 8 ივლისს, დილიდან შეიკრიბნენ ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები და სასულიერო პირები ჯერ შსს-სთან და შემდეგ ვერის პარკში. მოგვიანებით კი მათ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს. ისინი მოითხოვენ ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას და „გარყვნილების პროპაგანდის ამკრძალავი კანონის“ შემუშავებას.

მიუხედავად იმისა, რომ შს სამინისტრომ თბილისი პრაიდისა და ღირსების მარშის უსაფრთხოდ ჩატარებაზე პასუხისმგებლობა არ აიღო და ამის შესახებ ჯერ კიდევ მაისის ბოლოს გააფრთხილა ორგანიზატორები, ლგბტქი აქტივისტებმა პრაიდის ჩატარების გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG