Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუსკი ივანიშვილს შეხვდა:  ვგრძნობ, რომ საქართველოს ძალიან კარგი და იმედისმომცემი მომავალი აქვს


„დღევანდელი შეხვედრების შემდეგ ვგრძნობ, რომ საქართველოს ძალიან კარგი და იმედისმომცემი მომავალი აქვს“, - ამ სიტყვებით მიმართა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.

ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილისა და დონალდ ტუსკის შეხვედრის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისი ავრცელებს.

მმართველი პარტიის ლიდერმა დონალდ ტუსკს ბათუმში უმასპინძლა.

“დიდი მადლობა, ბატონო ბიძინა! ძალიან საინტერესო და შთაგონების მომცემი შეხვედრაა. დღეს თქვენთან, თქვენს ოპონენტებთან, მთავრობასთან და ქალბატონ პრეზიდენტთან შეხვედრების შემდეგ ვგრძნობ, რომ ძალიან კარგი და იმედისმომცემი მომავალი აქვს საქართველოს, არსებული პრობლემების მიუხედავად. ძალიან ღია და გახსნილი კომენტარები გავაკეთეთ მიმდინარე მოვლენების შესახებ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ერის გაერთიანებული ძალისხმევის პირობებში, სანამ შეგიძლიათ ერთად მოქმედება აზრთა განსხვავებულობის მიუხედავად, პოლიტიკური დებატების პირობებში და ვიდრე ოპტიმისტურად იქნებით განწყობილნი, ასეც იქნება. მადლობას გიხდით ამ შეხვედრისთვის. თავს განსაკუთრებულად და გამორჩეულად ვგრძნობ. მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს და საქართველოს. ვფიქრობ, საქართველოში ყველაფერი შესანიშნავადაა”, - განაცხადა დონალდ ტუსკმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრობის პერიოდში დონალდ ტუსკთან პირველი შეხვედრა გაიხსენა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს კარგი მეგობარია.

მახსოვს ჩემი პრემიერ-მინისტრობის პერიოდი, როდესაც გამოუცდელი პოლიტიკოსი ვიყავი, მასთან მქონდა ყველაზე თბილი შეხვედრა და იმ დღიდან მოყოლებული ჩვენ ძალიან თბილი ურთიერთობები გვაქვს. მას უყვარს საქართველო, ის საქართველოს მეგობარია. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო, როდესაც დღეს მან ჩვენი კლასიკოსი გაიხსენა - ვაჟა-ფშაველას სიტყვები ქართულად წაიკითხა. ამით მან მოხიბლა მთელი საქართველო და მე მას პირადად გადავეცი დიდი მადლობა. ის უყვართ პოლიტიკოსებს საქართველოში - როგორც პოზიციას, ისე - ოპოზიციას. მან მოხიბლა საქართველოს მთელი მოსახლეობა და საზოგადოება მისი ასეთი პოზიციით. მადლობა მას. დღევანდელი სიტუაცია, ამდენი მეგობარი, ამდენი ევროპელი და ძვირფასი სტუმარი ჩამოვიდა დღეს საქართველოში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ამ გზას ევროპისკენ. ჩვენი გზაა ევროატლანტიკური სივრცე, ჩვენი გზაა ევროპა და ჩვენ მტკიცედ დავიჭერთ ამ მიმართულებას. ჩვენი მეგობრების დახმარებით ჩვენ ჩავეწერებით ამ ოჯახში - განვითარებული ევროპული სახელმწიფოების რიგში”, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

11 ივლისს ბათუმი მასპინძლობს კონფერენციას „საქართველოს ევროპული გზა“. წლევანდელი კონფერენცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაფუძნების 10 წლისთავს ეძღვნება.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ევროკავშირისა და სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი და მაღალი დონის პირები ეწვივნენ. მათ შორის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი.

XS
SM
MD
LG