Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციების 25-ე დღეს პარლამენტთან ფლი მარკეტი იმართება


რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების 25-ე დღეს, პარლამენტის წინ იმართება ფლი მარკეტი, მცირე ბაზრობა.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, აქციაზე წარმოდგენილია 30-მდე სტარტაპერი კომპანია. გაყიდული პროდუქციიდან შემოსული თანხის 20%-ს ისინი ნებაყოფლობით ჩარიცხავენ აქციების ორგანიზებისათვის გამოყოფილ ანგარიშზე.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა ფლი მარკეტის დაწყებამდე უთხრა რადიო თავისუფლებას, აქციების ორგანიზება გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული და მათ ყოველდღიურად, საშუალოდ, 1500-2000 ლარი სჭირდებათ აქციის გასამართად.

„დაახლოებით 2 დღეში ვაპირებთ ჩვენი შემოწირულობების და ფონდების შესახებ ინფორმაცია გავასაჯაროვოთ, აქამდეც ვაპირებდით, მაგრამ არ ვიყავით დარწმუნებული შემომწირველებს ჰქონდათ თუ არა ვინაობის გამჟღავნების სურვილი. თანხას გვირიცხავს სხვადასხვა კერძო პირი, აქ ლაპარაკი არ არის მსხვილ ბიზნესზე. მარტო ერთ დღეში ჩემმა დამ, რომელიც ამერიკაში სწავლობს, თავის უნივერსიტეტში 5 ათასი დოლარის შეგროვება შეძლო“,- უთხრა რადიო თავისუფლებას შოთა დიღმელაშვილმა.

აქციის 24-ე დღეს, 13 ივლისს, შიმშილობა შეწყვიტეს მოშიმშილე დემონსტრანტებმა, ბექა ბასილაიამ და ვახტანგ სიხარულიძემ. ისინი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იძულებულნი გახდნენ შიმშილობა შეეწყვიტათ. ბასილაიასთვის 13 ივლისი შიმშილობის მე-19 დღე იყო, სიხარულიძისთვის - მე-17.

აქციების 25-ე დღეს, აქციის მონაწილეთა ერთადერთ მოთხოვნად კვლავ შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა რჩება.

აქციები პარლამენტის წინ მას შემდეგ დაიწყო, რაც 20 ივნისს, თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ გიორგი გახარიამ გასცა დემონსტრანტების ძალისმიერი გზით დაშლის ბრძანება, ის არის პასუხისმგებელი იმ ადამიანების ჯანმრთელობაზე, რომლებმაც 20-21 ივნისის ღამეს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.

​ოფიციალური მონაცემებით 20-21 ივნისის ღამეს 240 ადამიანი დაშავდა. მათგან ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG