ნიკა გვარამიამ უარი თქვა „რუსთავი 2“-ის ახალ გენერალურ დირექტორთან, პაატა სალიასთან შეხვედრაზე, რომელზეც სალიას სურდა ტელეკომპანიაში არსებული ვითარების გაცნობა.
დირექტორის მისაღებში სალიასთან საუბრისას გვარამიამ მას კოლაბორაციონისტი უწოდა.
„ლავროვის მოთხოვნით და ბიძინა ივანიშვილის უზრუნველყოფით აქ შემოვარდნილ ადამიანს რა უნდა ვეკონტაქტო. ჩვეულებრივი კოლაბორაციონისტი ხარ“ - უთხრა გვარამიამ სალიას, რაზეც მან უპასუხა: „აბსურდში გადადიხარ.“
შეხვედრაზე ნიკა გვარამიას უარის შემდეგ პაატა სალიამ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს უთხრა, რომ „ნიკა არ აპირებს თანამშრომლობას. ნიკა არ არის უკვე გენერალური დირექტორი და მას არ შეეძლება ამ ფუნქციების განხორციელება. მე მსურს შევხვდე იმ ადამიანებს, ვინც ადეკვატურად აფასებს რეალობას, ვინც ხედავს, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება რომ საქართველოში მიღებული გადაწყვეტილებები სწორია, რომ ეს ტელეკომპანია ეკუთვნის ქიბარ ხალვაშს."
ნიკა გვარამიას უარის შემდეგ პაატა სალიამ გადაინაცვლა „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის „ნიუსრუმში.“