იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ საბჭოს მოსამართლე წევრს, სერგო მეთოფიშვილს უწოდა იუსტიციის საბჭოს ჟირინოვსკი, მას შემდეგ, რაც მეთოფიშვილმა დოლიძეს ბრალი დასდო არაობიექტურ, პოლიტიკურ განცხადებებში.
სერგო მეთოფიშვილის განცხადებით, მაშინ, როცა ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში პირველად ხდება იუსტიციის საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა არჩევა საჯარო გასაუბრებით, საბჭოს წევრი დოლიძე ტოვებს დარბაზს და ერთ-ერთ მედიაში მიდის პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობისთვის.
"ეს არის პოლიტიზირებული პიროვნება, ანუ პოლიტიკურად აქტიური პიროვნება. პოლიტიკოსია უფრო, ვიდრე სასამართლოს ნაწილი. შესაბამისად, ყველა მისი განცხადება არის პოლიტიკური და არაობიექტური“ - უთხრა ჟურნალისტებს სერგო მეთოფიშვილმა.
საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებით, მან სერგო მეთოფიშვილს დაარქვა იუსტიციის საბჭოს ჟირინოვსკი და დიდი ხანია აღარ აკეთებს კომენტარებს მეთოფიშვილის და მისნაირი ადამიანების გამონათქვამებზე.
„მე ვფიქრობ, რომ იუსტიციის საბჭოს უმრავლესობას აქვს შიში აქტიური წევრებისა. მათ დისკომფორტს აყენებს და ეს კარგად გამოჩნდა დღეს მაგალითად, როცა ქალბატონ ნაზის(ჯანეზაშვილი) ჩამოართვეს სიტყვა, როცა ის სვამდა კითხვებს“ - განაცხადა დოლიძემ.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 17 ივლისიდან მიმდინარეობს გასაუბრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან.
საბჭოს არამოსამართლე წევრები ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებენ, რომ ეს პროცესი საერთოდ უნდა შეჩერდეს, რადგან კანდიდატების შერჩევა დარღვევებით, „კლანის“ შეხედულებისამებრ მოხდა.