Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეანომობილი რაჭას - მოქალაქეების ჯგუფი პეტიციას ავრცელებს და დახმარებას ითხოვს


ინტერნეტსივრცეში გავრცელდა პეტიცია, რომლის მთავარი მოთხოვნაა გადაეცეს რაჭას რეანომობილი.

პეტიციის ტექსტში ვკითხულობთ, რომ ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოს წლებია არ ჰყავს კატასტროფის ჯგუფი, რის გამოც ადამიანების სიცოცხლეს პრობლემა ექმნება.

პეტიციის ავტორები მიმართავენ საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და წერენ, რომ ამბროლაურის და ონის საავადმყოფოებში არ არსებობს მრავალფეროვანი კვლევების ჩატარების საშუალება, არსებობს სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების დეფიციტი, არ არის შესაბამისი განყოფილებები, რის გამოც ხშირად პაციენტებს სხვადასხვა კლინიკაში ამისამართებენ.

მაგალითად, ხშირია ამბროლაურიდან ქუთაისში გადამისამართების შემთხვევები.

პეტიციის ავტორები წერენ, რომ სულ ახლახანს, სწორედ სხვა რაიონიდან გამოძახებული რეანომობილის დაგვიანებამ გაართულა 16 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია.

რაჭის მოსახლეობა მოითხოვს, რომ ადგილზე მუდმივად იყოს კატასტროფის ერთი ჯგუფი - კვალიფიციური კადრებით და მოწესრიგებული ავტომობილით, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს რეაგირება.

ვთხოვთ ყველა შესაბამის უწყებას, გამოეყოს ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტებს რეანომობილის ჯგუფები, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტების დროულ და ეფექტურ მომსახურებას“, - წერენ პეტიციის ავტორები და 3000 ხელმოწერის მოგროვებას გეგმავენ.

ამ დროისათვის პეტიციას ხელს 314 ადამიანი აწერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG