რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების 41-ე დღე კვლავ დისკუსიის ფორმატში წარიმართება. „სირცხვილიას“ მე-7 გადაცემის სტუმარი იქნება რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი.
„ქართული ოცნებისთვის“ სიმბოლურ 41-ე დღეს, ლევან ბერძენიშვილთან ერთად ვისაუბრებთ ოცნების 41 სირცხვილზე... 41 დღეა #სირცხვილია და 41 დღეა, ამ სირცხვილის მიუხედავად, ხელისუფლება არ თმობს ტოქსიკურ შს მინისტრს“, - ასეთია საპროტესტო აქციის 41-ე დღის ანონსი.
საპროტესტო აქცია, რომლის მთავარი და უცვლელი მოთხოვნა კვლავაც შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა, ყოველდღე სხვადასხვა თემას ეძღვნება.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც 20 ივნისს, თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის კომუნისტმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, ასამბლეის სხდომა პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის კუთვნილი ადგილიდან გახსნა.
20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გამართული ხალხმრავალი საპროტესტო აქცია სამართალდამცავებმა რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. ხელისუფლება აცხადებს, რომ აქციის დაშლა გარდაუვალი აუცილებლობა იყო, მომიტინგეთა ნაწილის მხრიდან პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის გამო.
რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დაშლისას, ოფიციალური მონაცემებით, დაშავდა 240-მდე ადამიანი, მაშ შორის - 80 პოლიციელი. ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი. აქციის მონაწილეები შედეგებზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას სწორედ შს მინისტრს, გიორგი გახარიას აკისრებენ.