Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფორმულის“ დირექტორი ზუკა გუმბარიძე: გვინდა, სწრაფად გავხდეთ მესამე ტელეარხი


ფოტო: ტაბულა
ფოტო: ტაბულა

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შპს „ფორმულამ" შეიტანა მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ განაცხადი.

როგორც კომუნიკაციების კომისიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, თუ ყველა დოკუმენტი კანონის მოთხოვნებებთან შესაბამისობაშია, კომპანია ავტორიზაციას ათი სამუშაო დღის განმავლობაში გაივლის. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტები წესრიგში არ იქნება, შპს „ფორმულას“ მიეცემა ხარვეზის აღმოფხვრის დრო და შემდეგ გაივლის ავტორიზაციას.

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, შპს „ფორმულას“ ოთხი მესაკუთრე ჰყავს. ისინი კომპანიას თანაბრად ინაწილებენ: მიშა მშვილდაძე - 25%; ირაკლი საღინაძე - 25%; გიორგი ლიფონავა - 25%; ზუკა გუმბარიძე - 25%.

ზუკა გუმბარიძე, რომელიც ამავე დროს შპს „ფორმულას“ დირექტორია, რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ ამ ეტაპზე დავით კეზერაშვილი არ არის კომპანიის დამფუძნებელი. თუმცა ადასტურებს, რომ მასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები არხზე მეწილედ და ინვესტორად შემოსვლის მიზნით.

„ვაპირებთ, რომ ვიყოთ ე.წ. საერთო მაუწყებელი, რომელშიც იქნება, როგორც ახალი ამბები, პოლიტიკური ტოკშოუები, ასევე გასართობი გადაცემები. კეზერაშვილის გარდა, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სხვა ინვესტორებთან", - გვეუბნება გუმბარიძე.

ტელეარხის მომავლისა და მასშტაბების შესახებ საუბრისას ზუკა გუმბარიძე განმარტავს, რომ ზოგადად სატელევიზიო ბაზარზე ლიდერებს სწრაფად ვერ ანაცვლებენ. „მაგალითად, „რუსთავი 2“ დიდი ისტორიის და რესურსის მქონე არხია", - აღნიშნავს ის. გუმბერიძის ვარაუდით, „რუსთავი 2“ და „იმედი“ შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში დიდი ალბათობით ლიდერებად დარჩებიან.

თუმცა ამბიციური გეგმები ექნება ტელეკომპანია „ფორმულას“.

„გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ ჯერ მესამე არხი და შემდეგ ვიფიქროთ ამ ორ გიგანტთან კონკურენციაზე“, - ამბობს „ფორმულის“ დირექტორი.

ზუკა გუმბარიძეს „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადების შესახებაც ვკითხეთ. მისი შეფასებით, „კეზერაშვილის ტელევიზია იქნება პირველი ღიად პარტიული არხი საქართველოში“.

გუმბარიძე გამორიცხავს ნებისმიერი ფორმით რომელიმე პარტიის ტელევიზიის როლის შესრულებას.

„ამ ტელეარხს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა ექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში არც „ფორმულა კრეატივი“, არც ჩვენ უკან მდგომი ადამიანები და არც საინფორმაციო ჯგუფის წარმომადგენლები არ იმუშავებენ ისეთ არხზე, რომლის სარედაქციო პოლიტიკა, ვიღაცის კარნახს დაექვემდებარება. ჩვენ დავით კეზერაშვილისგანაც მივიღეთ გარანტიები. ის სარედაქციო პოლიტიკაში არანაირი ფორმით ჩარევას არ აპირებს“, - გვითხრა ზუკა გუმბარიძემ.

კეზერაშვილისგან მიღებული გარანტიების შესახებ საუბრობდა რადიო თავისუფლებასთან „ფორმულა კრეატივის" წარმომადგენელი ქეთი დევდარიანი.

„გვექნება ბორდიც, რომელიც არამხოლოდ ქართველებით დაკომპლექტდება", - აღნიშნა მან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG