Accessibility links

ახალი ამბები

ნოდარ მელაძე: შეკვეთილის რეზიდენციაში მიიღეს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ში წმენდის თაობაზე

„რას ნიშნავს ხელისუფლებასთან ფლირტში მყოფი „კურიერი“ ამას მაყურებელი ხვალ, რა თქმა უნდა, ვერ ნახავს, რადგან ამას გააკეთებენ ეტაპობრივად, თუმცა, 2020 წლის იანვრიდან, სამწუხაროდ, „კურიერი“ და „რუსთავი 2“ განადგურდება“, - ასე გამოეხმაურა „კურიერის“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი, ნოდარ მელაძე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას გადაწყვეტილებას მისი და რამდენიმე ჟურნალისტის ტელეკომპანიიდან გათავისუფლების შესახებ.

როგორც ნოდარ მელაძემ განუცხადა ჟურნალისტებს , მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირების შეთავაზებულ გარიგებაზე, საბოლოო გადაწყდა „რუსთავი 2“- დან ჟურნალისტებისა და მედია-მენეჯერების გათავისუფლება:

„ორი კვირის წინ შემხვდა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირის ნდობით აღჭურვილი წარმომადგენელი. მისი პოზიცია იყო ასეთი, რომ მათ არ სურდათ რუსთავი 2-სგან „იმედის“ გაკეთება და „კურიერში“კრიტიკის რაღაც დოზა დარჩებოდა. მე თანამდებობაზე არ შემეხებოდნენ და გავაგრძელებდი მუშაობას, უბრალოდ, მე ურთიერთობა უნდა მქონოდა მათ წარმომადგენელთან. ეს არ იქნებოდა არც ლაშა ნაცვლიშვილი და არც კოკა ყანდიაშვილი, რომელიც დღეს მართავს სახელისუფლებო მედიას. ის იქნებოდა კონკრეტული ადამიანი, რომელსაც ექნებოდა ჩემთან კომუნიკაცია გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით და კონკრეტული საკითხები ამ ადამიანის კონსულტაციისა და ამ ადამიანის გადაწყვეტილებების მიხედვით უნდა გაგვეშუქებინა. თუ მე დავთანხმდებოდი ამ წინადადებას, ისინი იტყოდნენ, რომ მე ისევ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვარ და სარედაქციო პოლიტიკა არ შეცვლილა. თუმცა, ვახდენ მათ ციტირებას, „ჩამოიწევდა ტემპერატურა და კრიტიკულობის ხარისხი“.

მათ ასევე მითხრეს, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესში შედიოდა გარკვეული ჩინოვნიკების მიერ თანხების დატაცებასთან და შესაძლო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით რეპორტაჟების მომზადება, რადგან ის თავად ებრძოდა ბიუჯეტის ქურდებს, მაგრამ იყო თემები, რომელსაც ჩვენ არ უნდა გავკარებოდით. მე ამ წინადადებაზე, რა თქმა უნდა, ვთქვი - არა. ჩემს ცხოვრებაში მე მქონია პერიოდი, როდესაც ვმუშაობდი სახელისუფლებო ტელევიზიაში და აღარ ვაპირებ უკან დავუბრუნდე წარსულს“.

ნოდარ მელაძის სიტყვებით, მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა არაფორმალურ გარიგებაზე, დაიწყო ზეწოლის მეორე ტალღა, ამჯერად, უშუალოდ ქიბარ ხალვაშისგან:

„პაატა სალიამ მიიღო გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის დავალებით და გაყინა ჩემი ხელფასი. მე ამ დროისათვის ივნისის ხელფასიც არ მაქვს აღებული. მათგან პასუხებს ვიღებდი, რომ ხელფასი იქნებოდა დღეს-ხვალ და ა.შ. დღეს პაატა სალიამ მითხრა, რომ ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი არის ის ბონუსი, რომელიც 2016 წელს გამომიწერა ნიკა გვარამიამ. ეს არის ბოდვა. ეს არის, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილთან მიღებული გადაწყვეტილება. შაბათს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი იდეოლოგი, მაია ბიგვავა და ლაშა ნაცვლიშვილი იმყოფებოდნენ ბიძინა ივანიშვილთან შეკვეთილის რეზიდენციაში და მათ მიიღეს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ში წმენდის დაწყებასთან დაკავშირებით, რადგან პროცესი ძალიან გაიწელა და პირველი, რა თქმა უნდა, ეს უნდა ყოფილიყო საინფორმაციო სამსახურის უფროსი“.

ნოდარ მელაძის განცხადებით, ის აპირებს სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას და მის ინტერესებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ დაიცავს:

„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დავიცვა არა მხოლოდ ჩემი ინტერესი, არამედ შევქმნა პრეცედენტი, რომ როდესაც ტელევიზიაში მფლობელი შეიცვლება, მფლობელს აღარ ჰქონდეს იმისი საშუალება, რომ პანტა-პუნტით გაყაროს მედია-მენეჯერები და ჟურნალისტები სამსახურიდან“.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტები ნოდარ მელაძე, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი და ნანუკა ჟორჟოლიანი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ახალმა ხელმძღვანელობამ ინტერესთა კონფლიქტის მიზეზით სამსახურიდან გათავისუფლდებიან.

ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ 20 აგვისტოს გააკეთა.

ყველა ახალი ამბავი

ავღანეთში წინასაარჩევნო მიტინგზე მომხდარი აფეთქების შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა და 31 დაიჭრა

ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, 17 სექტემბერს წინასაარჩევნო მიტინგზე მომხდარი აფეთქების შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა და 31 დაიჭრა. მიტინგს ესწრებოდა პრეზიდენტი აშრაფ ღანი, რომელიც უვნებელი გადარჩა. მიტინგზე, რომელიც პროვინცია ფარვანის დედაქალაქ ჩარიკარში გაიმართა, ღანი სიტყვით უნდა გამოსულიყო.

ადგილობრივი საავადმყოფოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დაღუპულთა შორის არის ერთი ქალი და სამი ბავშვი და მსხვერპლის უდიდესი ნაწილი სამოქალაქო პირები არიან. მომხდარისთვის ჯერჯერობით არავის უკისრია პასუხისმგებლობა.

პოლიციის ცნობით, კიდევ ერთ აფეთქებას, რომელიც დედაქალაქ ქაბულში მოხდა, სულ ცოტა, სამი ადამიანი ემსხვერპლა.

თალიბანი დაიმუქრა, რომ გააძლიერებენ თავდასხმებს, რათა ხელი შეუშალონ 28 სექტემბრისთვის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების გამართვას.

გასულ კვირას ჩაიშალა აშშ-სა და თალიბებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები. ავღანეთის მთავრობა მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა.

მოჭიდავე იაკობ ქაჯაიამ ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ორი ლიცენზია მოიპოვა. გიორგი მელიას (97 კგ) შემდეგ, სალიცენზიო ნორმატივი იაკობ ქაჯაიამაც (130 კგ) შეასრულა. ქართველმა მძიმეწონოსანმა დღეს, რეპეშაჟის ნახევარფინალში ჩილელი მეტოქე - იასმანი აკოსტა ფერნანდესი დაამარცხა და საუკეთესო ექვსეულში შესვლა გაინაღდა. ხოლო თუ დარჩენილ ერთ შეხვედრასაც მოიგებს, ბრინჯაოს მედალს მოიპოვებს.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში იაკობ ქაჯაიას მეტოქე გერმანელი ედუარდ პოპი იქნება.

"ქართული ოცნების" დეპუტატმა "ევროპული საქართველოს" წევრები ბოლშევიკებს შეადარა

პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „ღრმა ბოლშევიკურ პოლიტიკურ აზროვნებაში ჩარჩენილი“ უწოდა ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს.

17 სექტემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაგრძელდა დავა „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტზე „საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე”, რომელსაც „ქართული ოცნება“ მხარს არ უჭერს.

დიმიტრი ცქიტიშვილის შეფასებით, ე.წ. პროდასავლური ძალის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ოკუპაციის მიმართ საზოგადოების ემოციებით მანიპულირების პრიმიტიული მცდელობაა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა დადგენილების პროექტის ერთ-ერთ ავტორს, „ევროპული საქართველოს“ წევრს, სერგი კაპანაძეს მიმართა, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს და დაინტერესდა, რატომ ვერ შეძლეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება 2008 წელს, როცა ამის ყველაზე რეალური შესაძლებლობა არსებობდა.

„პროდასავლურობა და პროევროპულობა გამოიხატება არა იმ სწორხაზოვან და პრიმიტიულ პოლიტიკურ აზროვნებაში, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ, არამედ იმ მრავალფეროვნებაში, რომელიც ამ ქვეყანაში და თუნდაც, ამ პარლამენტშია. თუნდაც იმიტომ, რომ თქვენი ატანა გვიწევს მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად ძალიან აუტანლები გახდით ამ ბოლო დროს განსაკუთრებით. თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, რომ შეიძლება საქართველოში ვიღაცას ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია და თუნდაც, ანტიდასავლური. დასვლური პოლიტიკური აზროვნება გულისხმობს, რომ თუნდაც მის მიმართ კრიტიკული აზრი ლეგიტიმურია ზოგ შემთხვევაში“, - განაცხადა ცქიტიშვილმა. მან განსხვავებული აზრის მიუღებლობის გამო, „ევროპული საქართველო“ ბოლშევიკებს შეადარა.

დიმიტრი ცქიტიშვილმა გაიხსენა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ „ევროპულ საქართველოს“ დაარქვა ტოქსიკური ძალა: „ზუსტად პოლიტიკური ტოქსიკური ძალა ხართ, რომელიც ყველაზე გულწრფელ პროტესტსაც კი ამახინჯებს“.

„პოლიტიკურად თქვენ დამთავრდებით იმიტომ, რომ ამას გზა აღარ აქვს და ღმერთმა დაიფაროს საქართველო თქვენი ხელისუფლებაში მობრძანების განმეორებისგან. ასევე, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხება ეს იმიტომ, რომ ჩემთვის თქვენ ერთი ძალა ხართ, უბრალოდ, განსხვავებული ელფერი შეიძინეთ, ცდილობთ ერთმანეთს გაემიჯნოთ, მაგრამ ვერ გაემიჯნებით, ერთი პოლიტიკური დანაშაულის ნაწილები ხართ“, - მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა „ევროპულ საქართველოს“.

ოპოზიციური პარტიის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტის თანახმად, მთავრობას უნდა დაევალოს დიპლომატიური და პოლიტიკური ზომების მიღება, რათა საქართველოს ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესრულება შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების მოთხოვნებში.

16 სექტემბერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ამ პროექტს მხარს არ დაუჭერს, რადგან ინიციატივა თავისი ფორმით გულისხმობს რუსეთისთვის პრობლემების შექმნას, რეალურად კი გამიზნულია რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის მძიმე ეკონომიკური სანქციების დაწესებისთვის.

PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის(PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი და კომიტეტის სამდივნოს უფროსის მოადგილე ბას კლეინი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს შეხვდნენ.

არჩილ თალაკვაძემ მომხსენებლებს გააცნო საარჩევნო რეფორმის არსი და ძირითადი არგუმენტები, ასევე საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის მიმდინარეობის პროცესი. საუბარი იყო მართლმსაჯულებისა და განათლების რეფორმებზე.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კლოდ კერნმა და ტიტუს კორლატეანმა დადებითად შეაფასეს პარლამენტის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების რეფორმა.

თანამომხსენებლებმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზეც. კლოდ კერნმა და ტიტუს კორლატეანმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა დაადასტურეს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს 17 და 18 სექტემბერს შეხვდებიან.

მონიტორინგის კომიტეტმა უნდა მოამზადოს მორიგი ანგარიში საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის და ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ.

ტრამპი: საუდის არაბეთის ნავთობმომპოვებელ ობიექტებზე თავდასხმების უკან, „როგორც ჩანს“, თეირანი დგას

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ საუდის არაბეთის უდიდეს ნავთობმომპოვებელ ობიექტებზე კვირას ღამით განხორციელებული თავდასხმების უკან, „როგორც ჩანს“, თეირანი დგას. მიუხედავად ამისა, ტრამპმა აღნიშნა, რომ ის არ აპირებს უმალვე სამხედრო ძალით უპასუხოს აშშ-ის მოკავშირეზე დარტყმას.

საუდის არაბეთმა ათი დრონით განხორციელებულ თავდასხმას „აგრესიისა და საბოტაჟის უპრეცედენტო აქტი“ უწოდა, მაგრამ თავი შეიკავა ირანის პირდაპირ დადანაშაულებისგან. რიადმა გაერო და საერთაშორისო ექსპერტები მიიწვია გამოძიებაში დახმარებისთვის.

მანამდე თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო იემენის მეამბოხე ჰუთიტების დაჯგუფებამ, რომელსაც ირანი უჭერს მხარს. თეირანი თავდასხმასთან კავშირს უარყოფს.

ინციდენტის გამო საუდის არაბეთში ორჯერ შემცირდა ნავთობის მოპოვება. ეს მთელ მსოფლიოში ნავთობის მიწოდების 5%-ს შეადგენს. ნავთობზე ფასები მკვეთრად გაიზარდა.

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ოკუპირებულ ცხინვალში ჩავიდნენ

ცხინვალი

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 49-ე რაუნდის მოსამზადებლად ოკუპირებულ ცხინვალში ჩავიდნენ დისკუსიის თანათავმჯდომარეები, ევროკავშირის წარმომადგენელი ტოივო კლაარი, ეუთოს წარმომადგენელი რუდოლფ მიხალკა და გაეროს წარმომადგენელი ჯიჰან სულთანოღლუ. ისინი შეხვდებიან დე ფაქტო მთავრობის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობენ.

ცხინვალში გამგზავრებამდე თანათავმჯდომარეებმა კონსულტაცია გამართეს ჟენევაში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ხელმძღვანელთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ლაშა დარსალიასთან.

16 სექტემბერს, თბილისში გამართული შეხვედრის შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს ბოლო პერიოდში განვითარებულ უკანონო და პროვოკაციულ პროცესებს - სოფელ გუგუტიანთკართან ე.წ. საზღვრის გავლებას, სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საგუშაგოების განთავსებას და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ე.წ. საზღვრის დაკეტვას, რაც სრულ იზოლაციაში აქცევს რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას და ქმნის ჰუმანიტარული კრიზისის გამოწვევის საფრთხეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხაზი გაესვა, რომ მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯები წარმოადგენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობას რუსეთის ფედერაციის მხრიდან, კიდევ უფრო ძაბავს ადგილზე არსებულ ისედაც მყიფე უსაფრთხოების გარემოს და ქმნის ვითარების ესკალაციის საფრთხეს.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 49-ე რაუნდი 2019 წლის 8-9 ოქტომბერს გაიმართება.

NDI: ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერა 78 %-ია, ხოლო ნატოს მიმართ 71 %

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერას გამოკითხული მოსახლეობის 78 % უჭერს მხარს. შეკითხვაზე მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, უარყოფით პასუხს გამოკითხულთა მხოლოდ 14% სცემს, 8 % - ის პასუხი კი არის „არ ვიცი“.

71 %-ს შეადგენს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა, გამოკითხულთა 17 %-სთვის მიუღებელია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატოს წევრი, 11 % მოექცა კატეგორიაში „არ ვიცი“.

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით მასში 2 131 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება არის 1, 7 %.

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი 19 სექტემბერს გამოქვეყნდება.

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ახალი პოტენციური ინვესტორების მოძიებას ადასტურებს

ანაკლიის პორტი. კომპიუტერული გრაფიკა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" აცხადებს, რომ თავს იკავებს „მხარეთა შორის ჩვეულებრივი ორმხრივი კომუნიკაციის ფარგლებში სამინისტროსთან გამართული, კონფიდენციალური განხილვების“ და „განხილვებთან დაკავშირებით სხვა პირების მიერ გამოთქმული მოსაზრებების“ კომენტირებისგან.

კონსორციუმის მიერ დღეს, 17 სექტემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, ის აგრძელებს ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებულ ყველა მხარესთან, მათ შორის სამინისტროსთან სახელშეკრულებო ვალდებულებების შესასრულებლად.

კონსორციუმის ინფორმაციით, მან ცოტა ხნის წინ წარუდგინა სამინისტროს ორი მსხვილი საერთაშორისო ინვესტორი, რომლებსაც უკვე გაცხადებულ ინვესტორებთან - ამერიკულ SSA Marine-თან და ქართულ "თიბისი ეიჩ ანაკლიასთან" ერთად, პოტენციურად შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა კონსორციუმის გაძლიერებაში.

განცხადებაში მითითებული არ არის პოტენციური ინვესტორების ვინაობა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით დაწყებული კომუნიკაციის ლოგიკური გაგრძელება იქნება, თუ სამინისტრო ოფიციალური წერილებით დაუდასტურებს პოტენციურ ინვესტორებს, რომ მათ მიესალმებიან პროექტში და ექნებათ სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა.

„უკვე დროა, ყველა დაინტერესებულმა და ჩართულმა მხარემ გააერთიანოს ძალები, რათა ეს სტრატეგიული პროექტი წარმატებით განხორციელდეს. კონსორციუმი მიესალმება სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ყველა პოზიტიურ ნაბიჯს, რამაც შეიძლება ბიძგი მისცეს პროექტის შემდგომ სწრაფ განვითარებას - საქართველოს ზოგადი საერთო წარმატებისთვის“ - ნათქვამია კონსორციუმის განცხადებაში.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში თქვა, რომ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა პრაქტიკულად, გააგდო ანაკლიის პორტის ინვესტორები.

„12 სექტემბერს მაია ცქიტიშვილმა ჩვენი ინვესტორები, რომლებთან მოლაპარაკებაც თითქმის დასრულებულია, პრაქტიკულად ოთახიდან გამოაგდო. კიდევ კარგი, მე და ბადრი ჯაფარიძე არ ვესწრებოდით იმ შეხვედრას, თორემ ჩვენ დაგვბრალდებოდა. ცქიტიშვილმა პირდაპირ უთხრა, თქვენნაირი ინვესტორი არ გვჭირდებაო. ინგლისისა და ჰონგ-კონგის წარმომადგენლები იყვნენ. მეტ დეტალზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

NDI - გამოკითხულთა 49% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა, 49 % მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. საპირისპიროს მოქალაქეთა მხოლოდ 18 % ფიქრობს. საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, 2010 წლის შემდეგ ქვეყნის განვითარების კურსის შეფასება ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

როგორც NDI-ში აღნიშნავენ, ახალი მონაცემები წინა წლების მსგავსად ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით უკმაყოფილებას აჩვენებს. მოსახლეობის 21 % ამბობს, რომ უმუშევარია და სამსახურს აქტიურად ეძებს. მოქალაქეთა მხოლოდ მესამედი ფიქრობს, რომ მშობლების თაობასთან შედარებით უკეთ ცხოვრობს, ხოლო 43 % ამბობს, რომ ამჟამად იმაზე ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს, ვიდრე 5 წლის წინ ჰქონდა. მოსახლეობის ნახევარმა კი აღნიშნა, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ჰქონია შემთხვევა, როდესაც უსახსრობის გამო ვერ მოახერხა კომუნალური გადასახადების დაფარვა. ეროვნულ დონეზე მოსახლეობის მხოლოდ 10 % ამბობს, რომ დანაზოგი აქვს.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებული პესიმიზმი იზრდება, რაც, სავარაუდოდ, მოქალაქეების მხრიდან ქვეყნის ეკონომიკის უარყოფით შეფასებას უკავშირდება“, - განაცხადა ლორა თორტონმა, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა. მისი თქმით, მოქალაქეები ეკონომიკაში არსებულ პრობლემებზე პასუხისმგებლად ხელისუფლების წარმომადგენლებს მიიჩნევენ, რაც პირდაპირი მესიჯია ქვეყნის ლიდერებისთვის, რომ ეკონომიკური განვითარებისა და დასაქმების პრობლემები შეიმუშაონ.

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით მასში 2 131 ადამიანი გამოიკითხა.

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი 19 სექტემბერს გამოქვეყნდება.

NDI-ის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის სამუშაო ადგილებია მთავარი ეროვნული საკითხი

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის მთავარი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია. კერძოდ, ასე ფიქრობს რესპონდენტთა 48%.გამოკითხულთა 34 %-ის აზრით მთავარი ეროვნული საკითხი ფასების ზრდა/ინფლაცია, 33% ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად სიღარიბეს, 29 % ტერიტორიულ მთლიანობას, 22% პენსიებს, 19% კი ხელფასებს ასახელებს. ჩამონათვალში მომდევნო ადგილები უკავია სამედიცინო მომსახურებას 18 %, განათლებას 12 %, რუსეთთან ურთიერთობას 12%, ადამიანის უფლებებს 8%, სამართლიანობის აღდგენას 6 % და სხვა.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა რესპონდენტთა გამოკითხვის საველე სამუშაოები 13-დან 29 ივლისამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევაში სულ 2132 დასრულებული ინტერვიუ შედის. კვლევის საშუალო ცდომილებაა 1,7 %.

"თბილავიამშენის" თანამშრომლები კუთვნილ ხელფასს მოითხოვენ

"თბილავიამშენის" თანამშრომელთა გაფიცვა. 2019 წლის 27 თებერვალი

კომპანია „თბილავიამშენის“ თანამშრომლები აქციას მართავენ კუთვნილი ხელფასის და დანამატის დროულად გაცემის მოთხოვნით. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კომპანიაში დასაქმებულ 120-მდე ადამიანს ერთი თვეა ხელფასი არ მიუღია. დასაქმებულთა ინფორმაციით, თებერვალში გაფიცვის შემდეგ ადმინისტრაცია ხელფასზე დანამატს დაპირდა და ორი თვეა არც დანამატი აუღიათ.

ხელფასის გაზრდის და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნებით „თბილავიამშენის“ 120-მდე თანამშრომელი თებერვლის ბოლოს გაიფიცა. 1 მარტს, პროფკავშირების გაერთიანებამ განაცხადა, რომ გაფიცვა შეწყდა, რადგან „თბილავიამშენის“ ადმინისტრაციასთან მიღწეულია შეთანხმება ხელფასის გაზრდის და საპრემიო სისტემის შემოღების შესახებ.

კომპანია "თბილავიამშენი," რომლის ძირითადი საქმიანობაა სამხედრო თვითმფრინავების და სამხედრო დანიშნულების პროდუქციის წარმოება და რემონტი, 2010 წლიდან სახელმწიფოს მფლობელობაშია.

რუსეთის პატრიარქმა რაულ ხაჯიმბას "პრეზიდენტობა" მიულოცა

რუსეთის პატრიარქმა კირილემ რაულ ხაჯიმბას მიულოცა "აფხაზეთის პრეზიდენტად" ხელახლა არჩევა. კირილესგან მიღებული მისალოცი წერილი დე ფაქტო პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნდა.

რუსეთის პატრიარქი "საპასუხისმგებლოს" უწოდებს „აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტს“ და აღნიშნავს, რომ „აფხაზეთის მოქალაქეები“ ხაჯიმბას უკავშირებენ "ცხოვრების დონის ამაღლების იმედს, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში დადებით ცვლილებებს და მდიდარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას".

„იმედი მაქვს შემდგომი საქმიანობისას, ადრინდელივით დაუთმობთ მნიშვნელოვან ყურადღებას ქრისტიანული ტრადიციების შენარჩუნებას, თანამედროვეთა სულიერ-ზნეობრივ და პატრიოტულ აღზრდას და საზოგადოებაში კონსოლიდაციის და თანხმობის განმტკიცებას“, - წერს პატრიარქი კირილე რაულ ხაჯიმბას.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ხელახალი ვადით არჩეულად გამოცხადდა 8 სექტემბერს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგად.

განსხვავებით რუსეთის სახელმწიფოსგან, რომელმაც აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წელს აღიარა, რუსულ ეკლესიას აფხაზური ეკლესია ოფიციალურად აღიარებული არ ჰყავს.

აფხაზეთის დე ფაქტო სასამართლო გადაწყვეტს გასაუქმებელია თუ არა ე.წ. არჩევნების შედეგი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესი სასამართლო დღეს, 17 სექტემბერს განიხილავს პარტია „ამცახარის“ ლიდერის, ალხას კვიცინიას სარჩელს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ.

დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატმა, ალხას კვიცინიამ სასამართლოში 11 სექტემბერს იჩივლა. კვიცინია ითხოვს გაუქმდეს 8 სექტემბერს ჩატარებული ე.წ. მეორე ტურის შედეგი, რომლის თანახმად, გამარჯვებულად გამოცხადდა მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.

„ამცახარის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ „აფხაზეთის პრეზიდენტის არჩევნების კანონის მე-19 მუხლის“ შესაბამისად, ხაჯიმბა არჩეულად არ უნდა ჩაითვალოს, რადგან მისთვის მიცემული ხმები ნაკლებია კვიცინიას მიერ მიღებული ხმების და ყველას წინააღმდეგ მიცემული ხმების ჯამზე.

ალხას კვიცინიას მიერ დასახელებული მუხლის მიხედვით, მეორე ტურში გამარჯვებულად ითვლება კანდიდატი, რომლის მიერ მიღებული ხმები მეტია მის წინააღმდეგ მიცემულ ხმებზე. თუმცა, დაზუსტებული არ არის, უნდა დაჯამდეს თუ არა დამარცხებული კანდიდატის მიერ მიღებული და ყველას წინააღმდეგ მიცემული ხმები.

დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში რაულ ხაჯიმბამ მიიღო 39793 ხმა(47.39%) და ალხას კვიცინიამ 38766(46.17%). სხვაობამ 1027 შეადგინა. ყველას წინააღმდეგ ხმა მისცა 3155-მა.

საქართველოში იმყოფება PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია

საქართველოში იმყოფებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის(PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი და კომიტეტის სამდივნოს უფროსის მოადგილე ბას კლეინი.

მონიტორინგის კომიტეტმა უნდა მოამზადოს მორიგი ანგარიში საქართველოში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების მდგომარეობის და ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ.

დღეს, 17 სექტემბერს, დილის 10 საათიდან თანამომხსენებლები მუშაობას საქართველოს პარალმენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრით დაიწყებენ. დღესვე მინიტორინგის კომიტეტის დელეგაცია შეხვდება ფრაქციების, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს.

დღის მეორე ნახევარში, 15 საათიდან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრებს და გენერალურ პროკურორს.

18 სექტემბერს, თანამომხსენელები მუშაობას გააგრძელებენ პარლამენტში და „პატრიოტთა ალიანსის“ და „ქართული ოცნების“ ფრაქციების დეპუტატებს შეხვდებიან. იმავე დღეს დაგეგმილია შეხვედრები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან და სახელმწიფო მინისტრთან შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილთან.

ხაზარაძე ზვიად რატიანს: მოიტანოს დოკუმენტაცია, სადაც ჩემი ხელმოწერით რაღაც არსებობს

პოეტი ზვიად რატიანი საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს პროკურატურისთვის კადრების გადაცემაში ადანაშაულებს.

„პალიტრანიუსის“ ეთერში ჩართვისას რატიანმა თქვა, რომ პროკურატურაში მიტანილია თიბისი ბანკის კადრები, რომელიც დამონტაჟებულია. როგორც რატიანი ამბობს, მასში ამბის დასაწყისი არ არის ასახული.

„ხაზარაძის ხელია მოწერილი, მხოლოდ მე და ჩემს ადვოკატს გვინახავს, არ გვაძლევენ. პროკურატურაში გვანახეს კადრები, ხელმოწერით. ოდესმე ამის დამტკიცება შემეძლება, როცა ეს საბუთები გამოვა სააშკარაოზე და სტრასბურგში მოვიგებ საქმეს“, - თქვა ზვიად რატიანმა.

პოეტის თქმით, ამ ამბავს არ ამხელდა, ვიდრე მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში არ მოვიდა.

„პოლიტიკაში ასეთი ტიპები არ უნდა იყვნენ, რომლებიც ყველგან გვყიდიან ნებისმიერ თანხად. ხვალვე ისევ ბიძინა გადაუხდის და მე მეძახიან ბიძინას ნაყიდს“, - ამბობს რატიანი.

ზვიად რატიანს ამავე ტელეარხზე უპასუხა მამუკა ხაზარაძემ.

„საიდან მოიტანა ეს აბსოლუტური აბსურდი და რაში სჭირდება? გამიმძაფრდა ეჭვი, რომ ეს ძალიან სერიოზული პროვოკაციის ნაწილია და იმ დიდი მანქანის ნაწილი გახდა, სამწუხაროდ. იმ ტყუილების კასკადმა, რომელიც ახლა მოვისმინე, მთლიანად გადახაზა მთელი მისი პოეზია და შემოქმედება. გაოცებული ვარ, წარმოუდგენელი რაღაცაა. რა დონეზე მიიყვანეს ადამიანი. რომელი კალაძე, რომელი ღარიბაშვილი?!“ - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

ხაზარაძე იხსენებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას, სადაც ზვიად რატიანი ნახა, თუმცა მას ამ თემაზე არ უსაუბრია.

„კეთილი ინებოს ყველა იმ ადამიანმა, ვინც ფრანკფურტში იყო ვახშამზე, ვინც იყო „საბას“ დაჯილდოებაზე, ყველამ ამოიღოს ხმა. ასეთი განცხადებები ადამიანისგან, რომლისთვისაც დახმარების და გვერდით დგომის მეტი არაფერი გაგვიკეთებია... არავის არაფერს ვამადლი. რომელი კომკავშირი, რომელი სალომე ზურაბიშვილის მოწოდება. რეებს ლაპარაკობს? როდის იყო მამუკა ხაზარაძე რაღაც კადრებსა და რაღაც წერილებს ხელს აწერდა. სასწრაფო წესით, კეთილი ინებოს და მოიტანოს ის დოკუმენტაცია, სადაც ჩემი ხელმოწერით რაღაც არსებობს, თუ არადა მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს და არ უშველის არც ავსტრიაში გაქცევა და არც ნახევრად ლოთური საუბარი. გახარიას და რატიანს თუ ერთი ნარატივი ექნებოდა ამას ვერ წარმოვიდგენდი. მოვითხოვ, ჩაჯდეს თვითმფრინავში, ჩამოვიდეს, მივიდეს პროკურატურაში ჩემს ადვოკატთან ერთად, წაიყვანოს ტელევიზიები, ამოიღოს ის დოკუმენტი და თუ ეს დოკუმენტი იქ არ იქნება, ძალიან მკაცრად აგებს პასუხს“, - თქვა ხაზარაძემ.

პოეტი ზვიად რატიანი პოლიციამ 2017 წლის 23 დეკემბერს, ღამით, შს სამინისტროს მიერ გამოცხადებული რეიდის დროს თამარ მეფის გამზირზე დააკავა და რამდენიმე სამართალდამცველი მას რამდენიმე საათის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა და მოკვლითაც ემუქრებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოეტი ზვიად რატიანი დამნაშავედ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში და მას 2 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა. ზვიად რატიანს ბრალად ედებოდა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და წვრილმანი ხულიგნობა.

ზვიად რატიანი დღეს საქართველოში აღარ ცხოვრობს. მას იძულებით მოუწია ქვეყნის დატოვება.

სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, - ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა დაუდასტურა.

როგორც ბეჟანიძის ინტერესების დამცველმა გვითხრა, მსჯავრდებული დაახლოებით 2-3 კვირაა, რაც შეიწყალეს.

ირაკლი ჩომახაშვილი ბეჟანიძის დამნაშავედ ცნობას იმთავითვე მიიჩნევდა დაუსაბუთებელად, უკანონოდ და პოლიტიკურად მოტივირებულად.

„ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი, თავის დროზე, პირველმა და მეორე ინსტანციამ უდანაშაულოდ ცნო! საქართველოს უზენაეს სასამართლომ კი ნინო გვენეტაძის მეთაურობით „ახლობლური" გადაწყვეტილება მიიღო. აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის პალატამ ორი, ერთის წინააღმდეგ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ამ მექრთამეების გამო (იგულისხმება ნინო გვენეტაძე) სალომე ზურაბიშვილს ნუ დამაცვევინებთ (ისედაც ძეგლია). ბრალდება მთლიანად ეფუძნებოდა მსჯავრდებულების ჩვენებებს... ისეთები, როგორებიც არიან შანიძე, მორჩილაძე და ა.შ. ეს განაჩენი დევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე (ასევე დევს განსხვავებული აზრიც)“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა.

ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილი და ისტორიკოს მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილი, დავით ოთხმეზური 2004 წლის 27 ოქტომბერს თბილისში, პეკინის გამზირზე მოკლეს.

პროკურატურამ საქმე გახსნილად მხოლოდ 2015 წელს გამოაცხადა. ასლან ბეჟანიძე კი სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2016 წლის 26 მარტს დააკავეს განზრახ მკვლელობის ბრალდებით.

ასლან ბეჟანიძე სასამართლოს პირველმა და მეორე ინსტანციებმა გაამართლეს, უზენაესმა სასამართლომ კი ის 2018 წლის 29 მარტს დამნაშავედ ცნო. ბეჟანიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის გათვალისწინებით, ასლან ბეჟანიძეს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლის და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა.

განსაკუთრებული უკმაყოფილება მოჰყვა ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, რამაზ დევაძის შეწყალებას.

შედეგად სალომე ზურაბიშვილი შეწყალების საკითხის დარეგულირების მიზნით, ახალი ინიციატივით გამოვიდა.

საიამ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ იუსტიციის საბჭოს მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნეს

საიამ და „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ იუსტიციის საბჭოს მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის მეშვიდე ანგარიში. მასში შეფასებულია საბჭოს 2018 წლის საქმიანობა, მათ შორის, მარეგულირებელი კანონმდებლობა, მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნა, საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობა, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა და სხვა მიმართულებები.

ანგარიშის თანახმად, საბჭომ ვერ უზრუნველყო სასამართლო სისტემის რეფორმის „მესამე ტალღის” სათანადოდ განხორციელება პრაქტიკაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ამ ნოვაციამ არსებითად ვერ აღმოფხვრა სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები, მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში თავად შეიტანა წვლილი მათ გაღრმავებაში. მათი შეფასებით, არსებული ნორმატიული ჩარჩო არსებითად ხელს უწყობს და აძლიერებს მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს. მოსამართლეები თანამდებობაზე დაინიშნენ იმავე ხარვეზებით, რომელთა აღმოფხვრასაც რეფორმა ისახავდა მიზნად.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საბჭოს შემადგენლობაში რჩება აზრთა პლურალიზმის და კრიტიკული აზრის აშკარა მიუღებლობის პრობლემა, რაც ხელს უშლის საბჭოს სხდომებზე საგნობრივ მსჯელობას და გადაწყვეტილებების დასაბუთებას. ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ კანონმდებლობა ხასიათდება ისეთი ხარვეზებით, რაც საბჭოს დაუსაბუთებელი და სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების ფართო შესაძლებლობას უტოვებს. კერძოდ:

„კლანი უმთავრესად დანიშვნა/გათავისუფლების მექანიზმების მეშვეობით სხვა მოსამართლეებზე ახდენს გავლენას და უქვემდებარებს მათ საკუთარ მიზნებს. მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის ხარვეზიანი კანონმდებლობა საბჭოს აძლევს შესაძლებლობას პროცესი არაობიექტურად და გაუმჭვირვალედ წარმართოს: მოსამართლის დანიშვნის კენჭისყრის წესით გადაწყვეტა შესაძლებელს ხდის, რომ საბჭოს წევრებმა გადაწყვეტილება შეფასების შედეგების გათვალისწინების გარეშე მიიღონ".

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად, პოზიტიური ცვლილებებისა, არსებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ დისციპლინური საქმისწარმოების მექანიზმები იშვიათად გამოიყენება.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ კანონმდებლობით დადგენილი ვადების დაცვა და დისციპლინური სამართალწარმოების გაჭიანურება კვლავ პრობლემაა. მაღალია დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის მაჩვენებელი.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მეშვიდე წელია, მონიტორინგის ჯგუფი მიუთითებს საბჭოს სხდომების საჯაროდ (მედიის საშუალებით) გაშუქების პრობლემაზე. მიუხედავად ამისა, საანგარიშო პერიოდშიც მედიასაშუალებები, ძირითადად, მხოლოდ სხდომის გახსნას იღებდნენ და არ ეძლეოდათ შესაძლებლობა, სრულად გადაეღოთ სხდომის მიმდინარეობა.

მონიტორინგის შედეგად საიამ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" რეკომენდაციები მოამზადეს.

რუსთავში ზებრაგადასასვლელებზე მოსწავლეთა სკულპტურები დადგეს

მოსწავლეთა უსაფრთხოების მიზნით რუსთავის სამ საჯარო სკოლასთან გამავალი საავტომობილო გზის კიდესთან თაბაშირისგან გაკეთებული მოსწავლეების სკულპტურები დადგეს.

ადგილობრივი მერიის "რუსთავის სერვისის" დირექტორმა გიორგი გოროზიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ იდეა მის სამსახურს ეკუთვნის და სკულპტურებიც მათვე დაამზადეს.

"იმედი მაქვს, რომ ამით ამაღლდება არა მხოლოდ მძღოლების კულტურა, არამედ მოსწავლეებიც გამოიმუშავებენ უნარს, სად გადაკვეთონ გზის სავალი ნაწილი", - თქვა გიორგი გოროზიამ.

მან დასძინა, რომ "რუსთავის სერვისი" გააგრძელებს მსგავსი სკულპტურების დადგმას სკოლებთან. მანვე შენიშნა, რომ საქართველოს ქალაქებს შორის რუსთავი პირველია, სადაც მსგავსი რამ გაკეთდა.

EUMM: ყურადღებით ვაკვირდებით ჩორჩანა-წნელისის არეალში მიმდინარე მოვლენებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ ყურადღებით ადევნებს თვალს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე, ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთში განვითარებულ მოვლენებს. მისიის საპატრულო ძალები 24 აგვისტოდან მუდმივად ამ ადგილებში რჩებიან, - აცხადებს EUMM.

კერძოდ, განცხადების ტექტში ვკითხულობთ:

„შექმნილი ვითარების მიმართ მედიის ინტერესის გათვალისწინებით, და საიმისოდ, რომ გაქარწყლდეს გარკვეული არაზუსტი ცნობები, მისიას სურს გაავრცელოს შემდეგი ინფორმაცია:

მიმდინარე წლის იანვრიდან მისიამ შეამჩნია საღებავით დატანილი ნიშნები ხეებზე, წნელისსა და ჩორჩანას შორის არეალში. მისია ამას 'ბორდერიზაციის' გამოვლინებად აფასებს. თუმცა, ნიშნების დატანაზე პასუხისმგებლობა არც ერთ მოთამაშეს არ უკისრია.

20-დან 24 აგვისტომდე მონაკვეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მიერ ახალი სადამკვირვებლო საგუშაგო იქნა აღმართული სოფელ წნელისის შემოგარენში. EUMM-ის მონაცემებით, საგუშაგო აღმართულია დაახლოებით 240 მეტრის მოშორებით ადმინისტრაციული გამყოფი ხაზიდან და მდებარეობს თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე, ამ სივრცეში ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მდებარეობის ტრადიციული აღქმის გათვალისწინებით.

სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების წარმომადგენლებმა გასულ კვირაში აღმართეს ახალი პოზიციები და განათავსეს ბორდერიზაციასთან დაკავშირებული რამდენიმე ნიშანი, მათ შორის 'მწვანე ნიშნები' და დროშები თბილისის მიერ ადმინისტირებულ ტერიტორიაზე ადმინისტრაციული გამყოფი ხაზიდან, როგორც ეს ტრადიციულადაა აღქმული ამ ადგილებში.

ეს ნიშნები მდებარეობს 1,3 კილომეტრის მოშორებით ადმინისტრაციული გამყოფი გაზიდან. პარალელურად, საქართველოს შინაგან საქნეთა სამინისტროს დანაყოფებმა ასევე გააძლიერეს წარმომადგენლობა ჩორჩანის სატყეო სივრცეში.

მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე უსაფრთხოების სფეროს შეიარაღებული მოთამაშეების მნიშვნელოვან, კვლავ მიმდინარე ყოფნას. ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან რამდენიმე ახალი პოზიციის დაარსება და შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია ზრდის შეჯახები პოტენციალს და საფრთხეს უქმნის სტაბილურობას.

მისიის მიერ ადმინისტრირებული ცხელი ხაზი აქტიურად გამოიყენება ინფორმაციის გასაცვლელად და ადმინისტრაციულ გამყოფი გაზის გასწვრივ გაჩენილი საკითხების წარმოსაჭრელად. ცხელი ხაზის ამოქმედებას EUMM ამატებს მუდმივ საპატრულო წარმომადგენლობას ადგილზე.

EUMM-მა და ეუთომ 29 აგვისტოს შემდეგ კოორდინირება გაუწიეს ოთხ საგანგებო ტექნიკურ შეხვედრას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, რათა შემცირდეს დაძაბულობა და ამოცნობილ იქნას შესაძლო კონკრეტული გამოსავალი უფრო პერმანენტული დეესკალაციისთვის.

ბოლო ტექნიკური შეხვედრა ერგნეთში ჩატარდა პარასკევს, 13 სექტემბერს. შეხვედრამ ჩაიარა პროფესიულ ატმოსფეროში, თუმცა პოზიციები კვლავ შეუთავსებელი დარჩა. დადებითია ის, რომ ყველა მონაწილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ერთგულება გარკვეული საბაზისო პრინციპების მიმართ, რათა თავიდან იქნას აცილებული კიდევ უფრო მეტი ესკალაცია ჩორჩანა-წნელისის არეალში, ასევე ერთგულება მშვიდობიანი გამოსავლის პოვნის მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ ეს დაპირებები აისახოს ადგილზე, რეალურ წარმომადგენლობაში და მოქმედებებში.

მისია ასევე აღნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთის ადამინისტრაციულ გამყოფ ხაზზე, 2019 წლის 4 სექტემბრის 20:00 საათიდან დაკეტილი რჩება ორი გამშვები პუნქტი, ოძისი და სინაგური. კონკრეტული ცნობები არ არის იმის შესახებ, თუ როდის გაიხსნება ისინი, სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების წარმომადგენლების განცხადებებით კი ამ პუნქტების დახურვა უკავშირდება ჩორჩანა-წნელისის არეალში მიმდინარე მოვლენებს. მისია ამ ზომებს განიხილავს გადაადგილების შემზღუდველად და ზიანის მომტანად, რომელსაც უარყოფითი გავლენა აქვს ადმინისტრაციული ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ახალგორის ხეობაში ცხოვრობს, ან რეგულარულად დადის. პუნქტები, რომლებიც ახლა დახურულია, დღეში დაახლოებით 400-ჯერ იკვეთებოდა ორივე მიმართულებით, EUMM-ის მიერ გადაადგილების თავისუფლებაზე ჩატარებული კვლევის თანახმად".

ირანი: დავაკავეთ ტანკერი, რომელსაც საწვავი გადაჰქონდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ სპარსეთის ყურეში დააკავა ტანკერი, რომელსაც დიზელის საწვავი გადაჰქონდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

მედიაში ვრცელდება გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელის სიტყვები, რომ დაკავების მომენტში ტანკერი დატვირთული იყო 250,000 ლიტრი საწვავით. ასევე დაკავებულია ეკიპაჟის 11 წევრი, რომელთა მოქალაქეობას არ აკონკრეტებენ.

ეს ცნობა ემთხვევა ისედაც გაზრდილ საერთაშორისო დაძაბულობას სპარსეთის ყურეში - სტრატეგიულ ადგილში ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობის და გაზის გადაზიდვებისთვის. შაბათ-კვირას საფრენი აპარატით განხორციელდა შეტევა საუდის არაბეთის ნავთობის მსხვილ ობიექტზე.

20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული სოსო ბაჯელიძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებულ სოსო ბაჯელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა. მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომლითაც ადვოკატი სოსო ბაჯელიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის, 5 000-ლარიანი გირაოთი შეცვლას ითხოვდა. დაცვის მხარის შუამდგომლობას პროკურორებიც დაეთანხმნენ.

ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბაჯელიძეს დამატებითი სანქციის სახით საზღვრის კვეთა აეკრძალა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ბრალდებული სასამართლოს დარბაზშივე გათავისუფლდა.

20-21 ივნისის ღამით ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულმა სოსო ბაჯელიძემ სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარა. მისი სიტყვებით, „მტკიცებულებების გამორკვევა არ სურს და ბრალდების მტკიცებულებებს არ ხდის სადაოდ“.

სოსო ბაჯელიძის ადვოკატის მერაბ წკრიალაშვილის განცხადებით, ამ დრომდე მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას ინარჩუნებდა და ჩვენებაც არ ჰქონდა მიცემული. მისი სიტყვებით, ბრალდებულის მიმართ „რაიმე იძულებას, შანტაჟს და ზეწოლას ადგილი არ ჰქონია“. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ აღიარების შემდეგ სოსო ბაჯელიძის საქმე ცალკე გამოიყოფა.

„მოლოდინი გვაქვს, რომ საპროცესო შეთანხმებით დასრულდება სოსო ბაჯელიძის საქმე. ბრალდების ნაწილში დღეს მოხდა აღკვეთის ღონისძიების შეცვლა და დღეს დავიწყებთ მოლაპარაკებას. ცალკე გამოყოფა მნიშვნელოვანია, ვინაიდან სოსო ბაჯელიძისთვის აღარ არის რელევანტური ამ სისხლის სამართლოს საქმის განხილვა. ის არ ითხოვს მოწმეების და დაზარალებულების დაკითხვას. შესაბამისად, დღეს ჩვენი პროცესზე ყოფნა აღარ იყო მიზანშეწონილი. აქედან გამომდინარე მოვითხოვე საქმის გამოყოფა“, - განაცხადა მერაბ წკრიალაშვილმა.

სოსო ბაჯელიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ადვოკატის განცხადებით, გამოძიება მას კონკრეტულად ედავება 20-21 ივნისის ღამით, პასიური საშუალებების - ფარისა და ჩაფხუტის წართმევას, რასაც ისიც აღიარებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს 20-21 ივნისის ღამით ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 7 პირის სასამართლო პროცესი. გამოძიება სისხლის სამართლის 225-ე მუხლის (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც კანონის თანახმად, 4-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

20-21 ივნისის ღამით ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 19 პირი დააკავეს.

დღევანდელი სასამართლო პროცესი, ადვოკატთა გამოუცხადებლობის გამო გადაიდო.

ვლადიმირ პუტინმა რაულ ხაჯიმბა მოსკოვში მიიწვია

ვლადიმირ პუტინი, რაულ ხაჯიმბა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა მოსკოვში დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მიიწვია. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო „აფსნი-პრესი“.

„აფსნი-პრესის“ თანახმად, ვლადიმირ პუტინმა რაულ ხაჯიმბას გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებები მოსკოვში 2020 წლის 9 მაისს გაიმართება.

ჩვენი ისტორიის ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნისას, ჩვენ ქედს ვიხრით ნაციზმის წინააღმდეგ ჩვენი მებრძოლების ნათელი ხსოვნის წინაშე. რუსეთში არასდროს დაივიწყებენ იმ დიდ მსხვერპლს, რომელიც მოძმე აფხაზეთმა ამ დიად გამარჯვებაში გაიღო. მნიშვნელოვანია, რომ მეგობრობის და ურთიერთდახმარების ტრადიცია, რომელიც მამებმა და ბაბუებმა დაგვიტოვეს, ჩვენს სახელმწიფოებს შორის დღესაც კონსტრუქციული თანამშრომლობის საფუძველია“, - ნათქვამია ვლადიმირ პუტინის მიერ გაგზავნილ მოსაწვევში.

სააგენტო სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვებისთვის დაბადების მოწმობის გაცემის საკითხს განმარტავს

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების დოკუმენტაციის საკითხს განმარტავს.

სუროგაციის გზით დაბადებული რამდენიმე ბავშვის მშობელს მე-2 თვეა, რაც შვილის დაბადების მოწმობის მიღებაზე უარს ეუბნებიან.

როგორც სააგენტო აცხადებს, ის მკაცრად ითხოვს სამედიცინო კლინიკების მიერ საკანონმდებლო მოთხოვნების სრულად დაცვას.

განცხადების თანახმად, მიმდინარე წლის 9-დან 13 სექტემბერის ჩათვლით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, საქართველოს 8 სხვადასხვა კლინიკაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ განხორციელებული სუროგაციის გზით დაბადებული, 26 ბავშვის დაბადება დაარეგისტრირა.

„ეს რეგისტრაციები შესაძლებელი გახდა მიუხედავად იმისა, რომ კლინიკების მიერ თითოეულ ამ შემთხვევაში დარღვეული იყო სუროგაციის განხორციელების ზოგიერთი ელემენტარული, კანონმდებლობით დადგენილი წესები. უკვე დაბადებული ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ, 2019 წლის 8 სექტემბერს გამოცემულ იქნა ბრძანება, რომლითაც დადგენილი იქნა გარდამავალი პერიოდი და „განაყოფიერებამდე დადებულ“ სუროგაციის ხელშეკრულებად ჩაითვალა განაყოფიერების შედეგად შექმნილი ემბრიონის სუროგატული დედის სხეულში გადატანამდე ანუ „იმპლანტაციამდე დადებული“ ხელშეკრულება“, - ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შეფასებით, გამარტივებული წესების პირობებშიც კი, ერთ-ერთი კერძო კლინიკა დღემდე უარს აცხადებს, წარმოადგინოს უმარტივესი სამედიცინო ცნობები (მაგ. ემბრიონის შექმნის თარიღი, ემბრიონის გაყინვის თარიღი და სხვ.) და ამით უარს ამბობს ზოგიერთი კლიენტისათვის ბავშვის დაბადების რეგისტრაციის დოკუმენტის მიღების შესაძლებლობაზე.

სანაცვლოდ, როგორც სააგენტო მიუთითებს, კლინიკა და მისი ხელმძღვანელი ცდილობენ, შეცდომაში შეიყვანონ უცხოელი კლიენტები და საკუთარი ხარვეზების გადასაფარად თბილისის იუსტიციის სახლთან პროტესტში ხარჯავენ დროს.

„ისინი ამით თვალს უხვევენ საკუთარ კლიენტებს, რომლებიც აცხადებენ, რომ სუროგაციის შედეგად გაჩენილი ბავშვების მშობლები არიან“, - აცხადებს სააგენტო.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აცხადებს, რომ ბავშვთა უფლებების ეფექტიანად დაცვისა და ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე, სუროგაციის გზით დაბადებული თითოეული ბავშვი რეგისტრაციას დროულად მხოლოდ მას შემდეგ გაივლის, რაც შესაბამისი კლინიკა კანონმდებლობით დადგენილ საბუთებს სრულყოფილად მიაწვდის.

სააგენტოს განცხადების თანახმად, ბავშვთა უფლებების დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მათ შორის, უმნიშვნელოვანესია იმ მცირეწლოვნების ინტერესების დაცვა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაიბადნენ ან დაიბადებიან.

„სუროგაციაზე საუბრისას, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ისიც, რომ სახელმწიფოს ვალია, ზედმიწევნით ზრუნავდეს გაყინული ემბრიონებით ან სუროგაციით დაბადებული ბავშვებით ვაჭრობის ტრანსნაციონალური დანაშაულის პრევენციაზე. სახელმწიფო, ბავშვთა უფლებების გარდა, ასევე იცავს სუროგაციის პროცესში ჩართული მესამე პირების (სუროგატული დედის, დონორის) ინტერესებსაც“, - აცხადებს სააგენტო.

სუროგაციის გზით დაბადებული რამდენიმე ბავშვის მშობელს მე-2 თვეა, რაც შვილის დაბადების მოწმობის მიღებაზე უარს ეუბნებიან. ეს არის დაახლოებით 20 უცხოელი წყვილი აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან, შვედეთიდან.

დაბადების მოწმობების გარეშე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებმაც სუროგაციით საქართველოში ისარგებლეს, შვილების სამშობლოში წაყვანას ვერ ახერხებენ.

ერდოანი პუტინს და როჰანის მასპინძლობს, სირიის ომზე სალაპარაკოდ

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი ანკარაში მასპინძლობს რუსეთის და ირანის პრეზიდენტებს, სირიის შესახებ მოლაპარაკების მიზნით.

გავრცელებული ცნობებით, ერდოანი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი საუბრობენ სირიის ხელისუფლების წინსვლაზე ჩრდილო-დასავლეთის რეგიონ იდლიბისკენ, რომელიც მეამბოხეთა უკანასკნელ ბასტიონს წარმოადგენს.

რუსეთმა და თურქეთმა შარშან ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბუფერულ ზონებზე, რომელსაც იდლიბი უნდა დაეცვა მთავრობის შეტევისგან. ამ შეთანხმების დაცვის მიზნით ანკარა ამ რაიონში 12 სადამკვირვებლო პოსტს ამუშავებს, თუმცა შიშობს, რომ იდლიბს შეუტევენ სირიის ძალები, რომლებსაც რუსეთის საჰაერო მხარდაჭერა აძლიერებს.

2017 წლის ნოემბრის შემდეგ ეს ამ სამი ქვეყნის მეხუთე სამიტია სირიის სამოქალაქო ომის შესახებ. რუსეთი და ირანი მხარს უჭერენ სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს, თურქეთი კი მისი წინააღმდეგია და ზოგიერთ მეამბოხე ჯგუფს უმაგრებს ზურგს.

20-21 ივნისის ღამის საქმეზე დაკავებული ერთი პირი ბრალს აღიარებს

20-21 ივნისის ღამით ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულმა სოსო ბაჯელიძემ სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარა. მისი სიტყვებით, „მტკიცებულებების გამორკვევა არ სურს და ბრალდების მტკიცებულებებს არ ხდის სადაოდ“.

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა ბრალდებულს უფლება-მოვალეობები განუმარტა და ჰკითხა - ცნობს თუ არა დამნაშავედ თავს, რაზეც სოსო ბაჯელიძემ განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს.

დაცვის მხარე მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული წინასწარი პატიმრობის 5-ათასლარიანი გირაოთი შეცვლას მოითხოვდა. შუამდგომლობას დათანხმდა პროკურატურა. მოსამართლემ გაიზიარა მხარეთა შუამდგომლობა და სოსო ბაჯელიძეს პატიმრობა 5-ათასლარიანი გირაოთი შეეცვალა.

სასამართლოში იმყოფება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე. როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ეს სასამართლო პოლიტიკური მნიშვნელობის პროცესია, თითოეული ადამიანის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება უნდა გახდეს დაკვირვების საგანი. გამოსაძიებელია, ეს ხალხი მოქმედებდა როგორც ჯგუფი, ანუ წინასწარ შეთანხმებულად, თუ არა. ანა დოლიძის თქმით, ყველაზე მეტი კითხვის ნიშანი აქ არის და სასამართლომ ამას უნდა გასცეს პასუხი.

„როგორც ამ ეტაპზე ჩანს, ბევრი ეს ადამიანი ერთმანეთს საერთოდ არ იცნობს, სხვადასხვა ადგილას ცხოვრობს და პირველად შეიძლება სასამართლოზე ნახეს ერთმანეთი. თუ არ იქნებოდა ჯგუფური ბრალდება, ბევრად უფრო ნაკლები სანქცია მოელოდათ დაკავებულებს და ბევრად უფრო მსუბუქი და ეს შეიძლება არ აწყობდეს ხელისუფლებას“, - ამბობს ანა დოლიძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს 20-21 ივნისის ღამით ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 7 პირის სასამართლო პროცესი. გამოძიება სისხლის სამართლის 225-ე მუხლის (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც კანონის თანახმად, 4-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

20-21 ივნისის ღამით ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 19 პირი დააკავეს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG