Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპს გრენლანდიაში აშშ-ის საკონსულოს გახსნა სურს


აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მიმართა კონგრესს წინადადებით, გაიხსნას საკონსულო გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკეში.

აშშ-ს საკონსულო გრენლანდიაში ჰქონდა 1940-1953 წლებში. ახლანდელი წინადადება დანიის ამ ტერიტორიაზე საკონსულოს კვლავ გახსნას გულისხმობს.

აშშ-ს აქვს „სტრატეგიული ინტერესი, განამტკიცოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კომერციული კავშირები არქტიკის რეგიონში“, წერია სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტში გაგზავნილ წერილში, და ამიტომ, სახელმწიფო დეპარტამენტი თვლის, რომ საჭიროა დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნა ნუუკეში.

სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ დანიაში აშშ-ის საელჩოში უკვე დანიშნა გრენლანდიის საკითხებში პასუხისმგებელი თანამშრომელი. 2020 წელს საკონსულოში შვიდი თანამშრომელი იქნება.

გასულ კვირაში ცნობამ, რომ ტრამპი ფიქრობს აშშ-ის მიერ კუნძულ გრენლანდიის ყიდვას, სენსაცია გამოიწვია. დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა იდეას „აბსურდული“ უწოდა და განაცხადა, რომ გრენლანდია არ იყიდება.

ტრამპმა საპასუხოდ გააუქმა სექტემბრისთვის დაგეგმილი ვიზიტი კოპენჰაგენში.

აშშ-ს გრენლანდიაზე აქვს 1951 წელს დაფუძნებული სამხედრო საჰაერო ბაზა, "ტულე", რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა "ცივი ომის" დროს აშშ-ის საჰაერო თავდაცვის საქმეში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG