Accessibility links

რუსეთი აცხადებს, რომ მის მიმართ ქართული ავიაკომპანიების დავალიანებამ მილიონ დოლარს მიაღწია


რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ აერონავიგაციის მომსახურებისთვის რუსეთის მიმართ ქართული ავიაკომპანიების დავალიანებამ მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა, სვეტლანა პეტროვამ სააგენტო "რია ნოვოსტი"-ს უთხრა, რომ ჯერ კიდევ 2008 წელს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან მოლაპარაკებისას ქართულმა მხარემ დავალიანება აღიარა, მისი დაფარვის გრაფიკიც წარმოადგინა, თუმცა, თანხა დღემდე არ გადაუხდია.

22 ივნისს, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეჩერება გადაწყვიტა, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში განაცხადეს, რომ ქართული ავიაკომპანიების თვითმფრინავები რუსეთში ვეღარ იფრენენ და, რომ მათი დავალიანება 792 ათასი აშშ დოლარი და 592 ათასი რუბლია.

ამ სამინისტროზე დაყრდნობით სააგენტო „ინტერფაქსი“ მაშინ წერდა, რომ რუსეთში ქართული ავიაკომპანიების რეისების აკრძალვის მიზეზებია საავიაციო უსაფრთხოების საკმარისი დონის უზრუნველყოფის აუცილებლობა და დაგროვილი დავალიანება.

სააგენტო იმასაც იუწყებოდა, რომ ფრენა შეჩერებული იქნება, სანამ ავიაკომპანიები Georgian Airways-ი და MyWay Airlines-ი არ წარმოადგენენ საავიაციო უსაფრთხოების პროგრამას და აუდიტის დასკვნას და დავალიანებას სრულად არ დაფარავენ. "ინტერფაქსს" მოჰყავდა Georgian Airways-ის პრეზიდენტის, თამაზ გაიაშვილის განცხადებაც, რომ ავიაკომპანიას რუსეთის მიმართ დავალიანება არ აქვს.

პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები.

საპროტესტო გამოსვლები 20 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, სერგეი გავრილოვს.

რუსეთმა ავიამომოსვლის შეწყვეტის საბაბად ის დაასახელა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა უსაფრთხოება დაცული არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG