Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო უწყება: რუსეთი არ მალავს, რომ აფხაზეთის აღიარების პროცესზე ღიად მუშაობენ


„არ მალავენ, რომ აღიარების პროცესზე ღიად მუშაობენ და დღესაც მიმდინარეობს ზეწოლა მთელ რიგ ქვეყნებზე და ამას მოწმობს ბატონი ლავროვის განცხადებები, რომ რუსეთს ამ განზრახვაზე ხელი არ აუღია“,- ეუბნება რადიო თავისუფლებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების პასუხად.

მისი სიტყვებით, რუსეთი დღესაც მუშაობს აღიარების მოპოვებაზე ოკიანეთის რეგიონის, აფრიკის სახელმწიფოებსა და კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნებთან.

„მუშაობდნენ და მუშაობენ, რომ აღიარებათა რიცხვი ამ ქვეყნების ხარჯზე გაზარდონ. ამ 11 წლის განმავლობაში 4 აღიარება მიიღო რუსეთმა. ეს არის ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ და სირია“, - აცხადებს ვლადიმერ კონსტანტინიდი.

მისი სიტყვებით, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებით და დიპლომატიური არხებით, სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატების მეშვეობით ცდილობს დაუპირისპირდეს რუსეთის ამ პოლიტიკას.

დიმიტრი კონსტანტინიდს იმის დასტურად, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია არაღიარების პოლიტიკის გარშემო მოხერხდა, მოჰყავს ვანუატუსა და ტუვალუს მიერ 2013-14 წლებში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების უკან გაწვევა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ აფხაზეთი დემოკრატიულ სახელმწიფოდ შედგა და მისი საერთაშორისო აღიარების პროცესი შეუქცევადია.

აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობაზე ლავროვმა ილაპარაკა „აფხაზეთის სახელმწიფო ტელერადიო კომპანიის“ მიერ ყოფილ დე ფაქტო პრეზიდენტზე, სერგეი ბაღაფშზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში.

რუსეთმა აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა. იმ პერიოდში დე ფაქტო პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა სერგეი ბაღაფში, რომელიც 2011 წლის მაისში, მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა მძიმე ავადმყოფობის შედეგად.

სერგეი ლავროვის თქმით, აფხაზეთს, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოს საფუძველი ჩაუყარა სწორედ სერგეი ბაღაფშმა და მას უკავშირდება „რუსეთსა და აფხაზეთს შორის სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებაც.“

ლავროვის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებამ აღკვეთა სააკაშვილის შემდგომი აგრესია: „და დაიწყო აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარების პროცესი. პირველი იყო ნიკარაგუა, რომელსაც მოყვნენ ვენესუელა, ნაურუ, ტუვალუ, ვანუატუ და სირია.“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ უთქვამს, რომ 2013 და 2014 წლებში ვანუატუმ და ტუვალუმ გააუქმეს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG