Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა ხაზარაძე-ჯაფარიძის განცხადებას პასუხობს


გენერალური პროკურატურა უარყოფს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას 6 სექტემბერს დიპლომატებთან დახურული შეხვედრის დაგეგმვის თაობაზე.

პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ წარმოებს, უცხოელი ექსპერტები ჩართულები არიან და მათ დასკვნას საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები აუცილებლად გაეცნობიან.

„საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ უწევს პასუხი გასცეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული პირების, მამუკა ხაზარაძისადა ბადრი ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ არასწორ განცხადებას.

საქართველოს პროკურატურამ კანონით დადგენილი პროცედურებით გამოხატა ბრალდების მხარის პოზიცია, როდესაც მიიღო შემაჯამებელი გადაწყვეტილება და დაიწყო სისხლის სამართლის დევნა ბრალდებულთა მიმართ.

გამოძიება საწყისი ეტაპიდანვე მიმდინარეობს ღიად და გამჭვირვალედ. პროკურატურა ამ საქმეზე საზოგადოებასთან აქტიურ კომუნიკაციაშია და მუდმივად ახდენს დაინტერესებულ პირთა ინფორმირებას. ამასთან, დაცვის მხარეს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს მოპოვებულ მტკიცებულებებს და ჩაატაროს შემხვედრი მოქმედებები.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში, ბრალდების მხარის ინიციატივით, უკვე ჩართულები არიან უცხოელი, უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტები.

რაც შეეხება ბრალდებულთა მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას 6 სექტემბერს დაგეგმილ ე.წ. დახურულ შეხვედრასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ აღნიშნულ დროს არანაირი შეხვედრა არ იგეგმება, თუმცა უმაღლესი კვალიფიკაციის უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნას აუცილებლად გაეცნობიან საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

აქვე დავძენთ, რომ აბსოლუტურად არაადეკვატური და მიუღებელია პრეზუმფციული ხასიათის ეჭვის შეტანა საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე იურისტების მიუკერძოებლობაში, მხოლოდ და მხოლოდ იმ საბაბით, რომ მათ საექსპერტო დასკვნის მომზადება საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შესთავაზა.

ბრალდებულთა მხრიდან ექსპერტების საქმიანობის და პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელთა ჩართულობის მიმართ ეჭვების დაფიქსირება, მათი მხრიდან პრევენციულ ხასიათს ატარებს და მიზნად ისახავს წინმსწრებად დასკვნის დისკრედიტაციას.

ობიექტურობის და ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტის მაჩვენებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ბრალდებულთა ინტერესების გათვალისწინებით, უარი თქვა საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებაზე, როდესაც მსგავსი შინაარსის საქმეებში მხილებული პირები სასამართლოს განაჩენს წინასწარ პატიმრობაში ხვდებიან. ამის ნაცვლად, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდებიან არასაპატიმრო აღკვეთი ღონისძიების პირობებში და არც მათი გადაადგილებაა შეზღუდული, მათ შორის, არც საზღვარგარეთის ქვეყნებში შესაბამისი თანხმობის შემთხვევაში.

საქართველოში სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს უმაღლესი სტანდარტების დაცვით და შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღება საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, რასაც ცალსახად ადასტურებს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები.

ბრალდებულთა მხრიდან ნებისმიერი მსგავსი მცდელობის მიუხედავად, საქმეზე გამოძიება გაგრძელდება ობიექტურად, გამჭვირვალედ და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ინფორმაციით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, დახურულ შეხვედრაზე მიიწვია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ხაზარაძის და ჯაფარიძის ცნობითვე, პროკურატურა გეგმავს უცხოელ დიპლომატებს წარუდგინოს მის მიერ დაქირავებული ორი საერთაშორისო ექსპერტის დასკვნა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე.

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, პროკურატურაში დაგეგმილი დახურული შეხვედრა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით და ცივილიზებულ სამყაროში დადგენილი პრინციპების უხეშ უპატივცემულობას. „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისთვის გაუგებარია, რას შეიძლება ემსახურებოდეს დახურულ კარს მიღმა მხოლოდ ერთი მხარის მიერ ინფორმაციის მიწოდება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც ჯერ სასამართლო განხილვა არც კი დაწყებულა, გარდა იმისა, რომ სასამართლო პროცესამდე გაასამართლონ და დამნაშავეებად გამოაცხადონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG