Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხვრები პარლამენტთან - მოძრაობა „სირცხვილიამ“ პროტესტი ასე გამოხატა


საქართველოს პარლამენტთან, სადაც დღეს დეპუტატები განიხილავენ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და მის პროგრამას, მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებმა ცხვრები მიიყვანეს.

„ცხვრები როგორც მორჩილების სიმბოლო. მათ სახელებიც კი დავარქვით - მდინარაძე, თალაკვაძე, ჩუგოშვილი და სხვები. ეს არის სახე დღევანდელი პარლამენტის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრმა, ანა ჭარხალაშვილმა.

მისი თქმით, ცხვრები დროებით იქირავეს და მალე უკან დააბრუნებენ.

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ „ცხვრებზე პარლამენტის საშვები დაშვებულია, თუმცა სისტემაა გაჭედილი და ისინი პარლამენტში ხმის მისაცემად ვერ შეჰყავთ“.

აქციის კიდევ ერთი მონაწილის, გიგა მაქარაშვილის თქმით, სიმბოლურ აქციას ის დატვირთვა აქვს, რომ ცხვარი ყველაზე მეტად ასოცირდება მარტივად მართვასთან.

„რომელსაც მარტივად მართავს მწყემსი ან თხა. ჩვენ არ ვაპირებთ ამ ცხვრების წამებას, უბრალოდ, ამით ვაჩვენებთ, რომ ისინი არიან სიმბოლო იმ ხალხის, ვინც ახლა პარლამენტშია და ძალიან ჰგავს ცხვრის ფარას“, - ამბობს გიგა მაქარაშვილი.

აქტივისტის განცხადებით, პროტესტი არ დასრულდება, პირიქით, გაიზრდება გეოგრაფია და მასში უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება. მაქარაშვილის თქმით, ივანიშვილს ახლა უკვე მოუწევს არა შინაგან საქმეთა მინისტრ, არამედ პრემიერ-მინისტრ გახარიას გადაყენება, რასაც მთელი მთავრობის გადადგომა მოჰყვება.

მოძრაობა „სირცხვილია“ დილიდან პარლამენტის შენობასთან მართავს საპროტესტო აქციას და დეპუტატებს „სირცხვილის დერეფანს“ უწყობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG