Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევიდ კრამერი: დასავლეთის მეგობრები საქართველოში მოულოდნელად ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდნენ


"პატრიოტთა ალიანსის" მხარდამჭერები აშშ-ის საელჩოს წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე 15 სექტემბერი, 2019 წელი
"პატრიოტთა ალიანსის" მხარდამჭერები აშშ-ის საელჩოს წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე 15 სექტემბერი, 2019 წელი

„როდესაც გასულ თვეში საქართველოს დედაქალაქ თბილისში ჩავედი კონფერენციაზე, არ ველოდი, რომ აღმოვჩნდებოდი აშშ-ის საელჩოს შენობის წინ გამართული ბრაზიანი დემონსტრაციის ყურადღების ცენტრში, ან თავს დამესხმოდნენ პროსამთავრობო ტელეარხის ეთერიდან“, - წერს ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი, მაკკეინის ინსტიტუტის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ცენტრის დირექტორი, დევიდ კრამერი „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო „დემოკრატიის კუნძულია“ ავტორიტარული რეჟიმების ზღვაში, კრამერის თქმით, ახლა ქვეყანაში აღმასვლას განიცდიან პრორუსული ძალები, „რითაც შეიძლება აიხსნას ქართული პოლიტიკის ყურადღების ცენტრში მისი მცირე ხნით მოხვედრაც“.

ოპოზიციურმა „პატრიოტთა ალიანსმა“, რომელიც პრორუსულ ძალად არის მიჩნეული საქართველოში, 15 სექტემბერს საპროტესტო აქცია გამართა აშშ-ის საელჩოსთან, სადაც საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი „პატრიოტთა ალიანსიდან“ ირმა ინაშვილი ამერიკელი მკვლევრებისა და ყოფილი დიპლომატებისთვის, დევიდ კრამერისა და მეთიუ ბრაიზასათვის, ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა.

„საქართველოში დრო იცვლება. პოლიტიკური ვითარება უფრო დაძაბული და პოლარიზებული მომეჩვენა, ვიდრე ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში ჩემი წინა ათეულობით ვიზიტის დროს. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრებმა პირობა დადეს, რომ გაანადგურებენ ოპოზიციას, რაც ზრდის განხეთქილებას საზოგადოებაში. არსებობს საფრთხე, რომ დაძაბულობამ დუღილის წერტილს მიაღწიოს“, - წერს დევიდ კრამერი „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.

დევიდ კრამერი საქართველოში მთავრობის ცვლილებებსაც ეხება, კერძოდ, პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას დანიშვნას იმ ფონზე, როდესაც ოპოზიცია მისი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადაყენებას მოითხოვდა რეზინის ტყვიების გამოყენებით 20 ივნისის მიტინგის დარბევისა და 240-მდე ადამიანის დაშავების ფონზე.

„ამის ნაცვლად, რამდენიმე თვის შემდეგ, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგობრივმა ლიდერმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, ეს ძლიერ სადავო ფიგურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინა. გახარია ძლიერ წინააღმდეგობრივი ფიგურაა. გასულ კვირაში, პარლამენტში დამტკიცების დროს მან პირდაპირ მიმართა ოპოზიციას: „მე თქვენ დაგამთავრებთ“, - წერს დევიდ კრამერი წერილში, რომელსაც „ვაშინგტონ პოსტი“ აქვეყნებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG