Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ფონდის გამოკვლევა: სასამართლოს მოსახლეობის 17% ენდობა, ბანკებს - 31%


ევროპის ფონდის დაკვეთის ჩატარებულ „CRRC საქართველოს“ გამოკვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა უფრო და უფრო ნაკლებ ნდობას უცხადებს ისეთ ძირითად სოციალურ და პოლიტიკურ ინსტიტუტებს, როგორებიცაა: პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტი თუ პოლიტიკური პარტიები. როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, ხშირად თვალშისაცემი განსხვავებებია ეთნიკური უმცირესობების, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისა და ქართულენოვან, ან დედაქალაქში მცხოვრები მოსახლეობის ღირებულებებს შორის.

გამოკვლევის თანახმად, 2009 წელთან შედარებით, როდესაც მოსახლეობის 57% გამოხატავდა ინტერესს ქვეყნის როგორც შიდა, ასევე გარე პოლიტიკისადმი (მოყვანილია მათი პასუხების ჯამი, ვისაც „ძალიან“ და „საკმაოდ“ აინტერესებს პოლიტიკა), 2019 წელს შესაბამისი წილი 46%-მდეა შემცირებული. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების 35% აცხადებს, რომ აინტერესებს საქართველოს შიდა პოლიტიკა, 33%-ს აინტერესებს საქართველოს საგარეო პოლიტიკა.

როგორც ევროპის ფონდის გამოკითხვების შედეგების 11-წლიანი დინამიკა მოწმობს, მცირდება საქართველოს მოსახლეობის ნდობის დონე პოლიტიკური, საზოგადოებრივი თუ საერთაშორისო ინსტიტუტებისა და გაერთიანებების მიმართ. მხოლოდ სამი ინსტიტუტის – ქართული ჯარის (77%), რელიგიური აღმსარებლობის ინსტიტუტებისა (74%) და პოლიციის (51%) მიმართ დაფიქსირდა მოსახლეობის ნდობის შედარებით მაღალი მაჩვენებლები 2019 წელს (მოყვანილია „სრულად ვენდობი“ და „ვენდობი“ პოზიციების ჯამი).

საქართველოს მმართველი ორგანოებისა და ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის დონე ზოგ შემთხვევაში ნდობის დონეზე მაღალია, რაც, გამოკვლევის ავტორთა შეფასებით, ერთმნიშვნელოვნად ყურადსაღები გარემოებაა.

  • 2019 წელს მოსახლეობის 19%-მა უპასუხა, რომ ენდობა საქართველოს პარლამენტს, 35% კი არ ენდობა მას
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრს ენდობა 24% და არ ენდობა 37%
  • საქართველოს პრეზიდენტს ენდობა 27% და არ ენდობა 37%
  • მოსახლეობის ნდობა ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ უფრო მაღალია ცენტრალურთან შედარებით: მოსახლეობის 35% ენდობა და 25% არ ენდობა მას
  • ნდობის დონე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მიმართ იდენტურია და 27%-ს შეადგენს; ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებს 24% უცხადებს უნდობლობას, ხოლო მედიას - 19%
  • მოსახლეობის 37% პასუხობს, რომ ენდობა სახალხო დამცველს, 13% კი აცხადებს, რომ არ ენდობა მას
  • მოსახლეობის 31% ენდობა ბანკებს, 34% კი პასუხობს, რომ არ ენდობა მათ

იმ 16 ორგანიზაციიდან, რომელთა მიმართაც მოსახლეობის ნდობის დონე გაიზომა, მოსახლეობა ყველაზე ნაკლებ ენდობა საქართველოს სასამართლო სისტემასა (17% ენდობა, 43% არ ენდობა) და პოლიტიკურ პარტიებს (13% ენდობა, 40% არ ენდობა).

-----------------------------------------------------------------------------------------------------

კვლევის მეთოდოლოგია

ევროპის ფონდის გამოკითხვის მეექვსე ტალღა ჩატარდა 2019 წლის 1 მარტიდან 20 მარტამდე. 33 სხვადასხვა ტალღის შედეგები მაქსიმალურად შედარებითი რომ იყოს, 2013 წლის შემდეგ ფაქტობრივად არ შეცვლილა კითხვარი (იხ. დანართი #3) და შერჩევის დიზაინი. გამოკითხვების შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს ზრდასრული მოსახლეობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის გარდა.

ზოგადად საქართველოს მოსახლეობის მასშტაბით წარმომადგენლობითობასთან ერთად, გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლობითია აგრეთვე ოთხი ძირითადი სტრატის მოსახლეობისთვის: დედაქალაქის სხვა ქალაქების სოფლებისა მ 34 და იმ დასახლებული პუნქტების, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები (აზერბაიჯანელები და სომხები).35 შედეგების საშუალო ცდომილება +/-2.0%-ია.

თითოეულ სტრატაში პირველადი შერჩევის წერტილები შეირჩა ალბათურად, დარეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობის პროპორციულად, შინამეურნეობები- სამარშრუტო შერჩევის მეთოდით, ხოლო რესპონდენტები- ამ შინამეურნეობებში კიშის ცხრილის საშუალებით.

2019 წელს 2,746 პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა პლანშეტური კომპიუტერების მეშვეობით (CAPI მეთოდი). გამოპასუხება საქართველოს მასშტაბით 49% იყო. 36 ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით კომპაქტურად დასახლებულ პირველადი შერჩევის წერტილებში ინტერვიუების ენა შეიძლება ყოფილიყო ქართული, აზერბაიჯანული ან სომხური, რესპონდენტების არჩევანის მიხედვით.

საველე სამუშაოების ხარისხის შეფასებით მიზნით 2019 წლის 23 მარტიდან 26 მარტამდე ველის კონტროლი ჩატარდა. ამ მიზნით შეირჩა 8 პირველადი შერჩევის წერტილი. კონტროლის შედეგად არ დაფიქსირებულა რაიმე დარღვევა. წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია შეწონილი შედეგები, რომლებიც მაქსიმალურად შეესაბამება გენერალური ერთობლიობის პოზიციას.

გამოკითხვა ჩაატარა „CRRC საქართველომ", ევროპის ფონდის დაკვეთით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (Sida) და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Danida) მხარდაჭერით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG