Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კონკურსი სასამართლომ შეაჩერა


აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის კონკურსი სასამართლოს გადაწყვეტილებით შეჩერდა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანახმად, კონკურსის შეჩერების გადაწყვეტილება მოსამართლე კობა გოცირიძემ ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს დღეს, 23 სექტემბერს ჩაბარდა.

საქმე ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მე-4 კონკურსს, რომელიც მიმდინარე წლის 25 აგვისტოს გამოცხადდა. სასამართლოს მიმართა ერთ-ერთმა კონკურსანტმა, გიორგი კოხრეიძემ. მან სადავოდ მიიჩნია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის 22 აგვისტოს არჩევნების შედეგები. იგი მიიჩნევს, რომ კონკურსში ხმათა უმრავლესობა, მრჩევლების 2 ხმა, განმეორებით კენჭისყრაზე მან მიიღო და, შესაბამისად, კონკურსის ჩაშლის შესახებ გადაწყვეტილება ბათილად უნდა გამოცხადდეს.

22 აგვისტოს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის არჩევნებზე მრჩეველთა საბჭოს 4 წევრი იმყოფებოდა. აქედან, ერთ-ერთმა წევრმა - (ნაციონალური მოძრაობის კვოტით) ბეჟან გობაძემ, კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. 3 წევრის ხმები კი შემდეგნაირად გადანაწილდა - 2 ხმა გიორგი კოხრეიძეს, ხოლო ერთი ხმა თინათინ ცისკარაძეს ერგო.

რადგან სხდომას 4 წევრი ესწრებოდა და კონკურსში გასამარჯვებლად საჭირო 3 ხმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა, კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 5 წევრიდან ორი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კვოტითაა არჩეული (ბეჟან გობაძე, ირაკლი დარცმელიძე). თითო-თითო პარტია „ქართული ოცნების“ (გიგა ჩხარტიშვილი) „თავისუფალი დემოკრატების“ (ნატა იმედაიშვილი) და „რესპუბლიკელების“ (გიორგი ირემაძე) კვოტით.

ამ შემადგენლობით მრჩეველთა საბჭო კონკურსს ვეღარ ჩაატარებს. კომისიის ოთხ წევრს მიმდინარე წლის ოქტომბერში უფლებამოსილების ვადა ეწურება.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მიმდინარე წლის 19 აპრილს მისი დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს მრჩეველთა საბჭოს 4-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG