Accessibility links

site logo site logo

ტყიბულელი მეშახტეების პროტესტს ჭიათურელი მაღაროელები შეუერთდნენ


ტყიბულელი მეშახტეების საპროტესტო აქციას ჭიათურელი მაღაროელები შეუერთდნენ. მათი განცხადებით, სამუშაოს გამო ბევრმა მათგანმა ტყიბულში ჩასვლა ვერ მოახერხა, თუმცა ყველა მაღაროელი იზიარებს პროტესტის სულისკვეთებას.

ჭიათურის პირველადი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ნეფარიძის სიტყვებით, სოლიდარობას დიდი ძალა აქვს, „სახელმწიფოც და დამსაქმებელიც ხედავს, რომ ტყიბულელები მარტო არ არიან“, - უთხრა მან რადიო თავისუფლების რეგიონულ კორესპონდენტს.

სანამ ტყიბულელი მეშახტეების პროტესტს შეუერთდებოდნენ, ჭიათურელმა მაღაროელებმა და სხვა მრეწველობაში დასაქმებულებმა ვიდეომიმართვაც გაავრცელეს.

ტყიბულელი მეშახტეების პროტესტს უერთდებიან ქალაქის მაცხოვრებლებიც. მათ შორის აგრარულ ბაზარში მოვაჭრეები, მაღაზიების მეპატრონეები და სხვები.

წუხანდელი ღამე ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში 40-მდე ადამიანმა გაატარა. მეშახტეები შიმშილობის აქციას შახტებში განაგრძობენ. საპროტესტო აქციის ამ ზომას მათ გუშინ, 24 სექტემბერს მიმართეს. ისინი აქციის შეწყვეტაზე უარს ამბობენ მანამ, სანამ მიმდინარე ხელფასს არ მიიღებენ და არ ექნებათ სახელმწიფოსგან გარანტია, რომ ქვანახშირის მოპოვების პროცესი აღდგება.

გუშინ ვერ შედგა შეთანხმება მეშახტეებსა და „საქნახშირის“ ადმინისტრაციას შორის. ტყიბულელი მეშახტეები შეხვდნენ „საქნახშირის“ გენერალურ დირექტორს, ჯამბულ ჯაყელს, რომელმაც მათ განუცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება კომპანიის წარმომადგენლებსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის. ჯამბულ ჯაყელი მეშახტეებს დაჰპირდა,რომ მოლაპარაკებების შედეგის შესახებ ინფორმაციას მათ თვის ბოლოსთვის მიაწვდის.

მისივე განცხადებით, ხელფასების გაცემა ხვალიდან დაიწყება, დანარჩენ საკითხებს კი ხუთშაბათს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ.

ამ დაპირების მიუხედავად, მეშახტეები აქციის შეწყვეტას არ აპირებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG