Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტყიბულის ცენტრში მეშახტეთა აქცია ხვალამდე შეწყდა, შახტებში 40-მდე კაცი შიმშილობას განაგრძობს


საპროტესტო აქცია ტყიბულში
საპროტესტო აქცია ტყიბულში

ტყიბულის მეშახტეთა აქცია ქალაქის ცენტრში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით ნახევარი საათის წინ დაიშალა. საპროტესტო აქციის საინიციატივო ჯგუფის გადაწყვეტილებით, მეშახტეები ხვალ, 26 სექტემბერს, მთავრობის სხდომის პარალელურად, 11 საათისთვის შეიკრიბებიან.

აქციის ორგანიზატორთა თქმით, თუ მთავრობა არ მიიღებს მათთვის მისაღებ გადაწყვეტილებებს, მაშინ ისინიც პროტესტის უკიდურეს ზომას, შიმშილობას მიმართავენ და კარვებს მერიის წინ გაშლიან.

ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში შიმშილობას 40-მდე ადამიანი განაგრძობს. საპროტესტო აქციის ამ ზომას მათ გუშინ, 24 სექტემბერს მიმართეს. ისინი აქციის შეწყვეტაზე უარს ამბობენ მანამ, სანამ მიმდინარე ხელფასს არ მიიღებენ და არ ექნებათ სახელმწიფოსგან გარანტია, რომ ქვანახშირის მოპოვების პროცესი აღდგება.

დღეს, 25 სექტემბერს, აქციის მონაწილეებთან „საქნახშირის“ ადმინისტრაციიდან არავინ გამოჩენილა. გუშინ კი მეშახტეები შეხვდნენ „საქნახშირის“ გენერალურ დირექტორს, ჯამბულ ჯაყელს, რომელმაც მათ განუცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება კომპანიის წარმომადგენლებსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის.

დღეს ჯამბულ ჯაყელმა მედიასთან განმარტა, რომ კომპანიას დამატებით სათქმელი არაფერი აქვს და ისიც მთავრობის სხდომის გადაწყვეტილებებს ელოდება.

საპროტესტო აქციის საინიციატივო ჯგუფმა 26 სექტემბერს გაფიცვისკენ ტყიბულის მოსახლეობას და ყველა სამსახურს მოუწოდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის გარდა.

25 სექტემბერს ტყიბულელი მეშახტეების საპროტესტო აქციას ჭიათურელი მაღაროელები შეუერთდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG