Accessibility links

ხაზარაძის თქმით, ვალების განულების პროგრამაზე გარიგება პრაქტიკულად იძულებითი ხასიათის იყო


„საზოგადოებრივი მოძრაობა“ ლელოს დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე „მთავარ არხთან“ საუბარში იხსენებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ბიძინა ივანიშვილის „ვალების განულების“ პროგრამა.

ხაზარაძის ინფორმაციით, გარიგებას ნებაყოფლობითი ხასიათი არ ჰქონია.

„როდესაც 120 მილიონს ცვლი დაახლოებით 3 მილიონში და პრაქტიკულად გაიძულებენ, რომ ეს ასე გაკეთდეს. გარიგება ხდება ფინანსთა მინისტრის კაბინეტში. პრაქტიკულად, შეღავათს აკეთებს ბანკი და არა რომელიღაც ფონდი“, - ამბობს მამუკა ხაზარაძე. მისი შეფასებით, ეს პროგრამა შეიძლება შეფასდეს, როგორც ინტერესთა კონფლიქტი.

„ლელოს“ წარმომადგენელი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ იმ პერიოდს წინ უძღოდა ბანკების წინააღმდეგ კამპანია, რაც მისი აზრით, სავარაუდოდ, წინასაარჩევნო განწყობებზე ზემოქმედებას ემსახურებოდა.

„ეს არ იყო ის გარიგება, რომელიც ბანკებისთვის სასარგებლო იყო“, - აცხადებს ჯაფარიძე.

როგორც მამუკა ხაზარაძე ამბობს, „ვალების განულების“ პროგრამა შესახებ ეროვნული ბანკისთვის გაგზავნილ წერილზე მათ პასუხი არ მიუღიათ.

„ეროვნული ბანკი აქტიურად იყო ჩართული ამ ტრანზაქციაში, ისევე, როგორც ფინანსთა მინისტრი და სახელმწიფო უწყებების სხვა ორგანოები“, - აზუსტებს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა ამბობს, რომ ყველამ საკუთარი ნებით მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ პროგრამაში და თავის დროზე ამ თემაზე შეთანხმება შედგა. „მინდა მოგახსენოთ, რომ ეს არცთუ ისე მიუღებელი პირობები იყო“, -დასძენს გაგუა.

შემაჯამებელ ანგარიშში, რომელიც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ბიურომ (ODHIR) საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ გამოაქვეყნა, „ვალების განულების“ პროგრამა უარყოფითად არის შეფასებული.

დოკუმენტის თანახმად, 600 000-მდე მოქალაქისთვის საფინანსო ორგანიზაციების წინაშე არსებული დავალიანების ჩამოწერა, ODHIR-ის რესპონდენტებმა შეაფასეს საარჩევნო და სისხლის სამართლის კოდექსებით აკრძალულ ამომრჩევლის მოსყიდვად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG