Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ევროპული საქართველო“: „ქართულ ოცნებას“ არა აქვს რუსეთთან დიალოგის რესურსი


„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებისთვის თავისთავად პრობლემა არ არის დიალოგი რუსეთთან; თუმცა პრობლემაა დიალოგის წარმოება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ.

პარტიის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის თქმით, პრობლემაა ის, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა საქართველოს მოქალაქეებისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.

„შესაბამის კონტექსტში და ფორმატში რუსეთთან დიალოგი პრობლემა არ არის. პრობლემაა ის, როდესაც საზოგადოება ამ დიალოგის შესახებ იგებს რუსული მხარისგან და, მით უმეტეს, ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგობას პარლამენტში, რომ არ დაუჭირონ მხარი რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს, რასაც სთავაზობს „ევროპული საქართველო“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პარტიის ლიდერი გიგა ბოკერია არ ელოდება ხელშესახებ შედეგებს რუსეთისა და საქართველოს ოფიციალურ პირთა დიალოგის ფარგლებში და მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას შედეგების მიღწევის რესურსი არა აქვს.

„თავისთავად, მტრული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა შეიძლება საჭიროც იყოს... დიალოგს აწარმოებენ მტრულ სახელმწიფოებთან და ეს საჭიროა... მაგრამ ამ შეხვედრიდან არაფერს კარგს არ ველი, არანაირ ძვრას იმის გამო, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას არა აქვს არც ხედვა, არც ნება და არც რწმენა იმისა, რომ საქართველოს ინტერესები ამ ვითარებაში ეფექტურად დაიცვან“, - აცხადებს გიგა ბოკერია.

რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს შეხვდნენ 26 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის მიმდინარეობის ფარგლებში. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, შვეიცარიული მხარის შუამავლობით შედგა.

დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ სერგეი ლავროვთან შეხვედრა ინიცირებული იყო შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან მისი შეხვედრის დროს და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოს პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG