Accessibility links

აჭარის ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის რისკებზე საუბრობს


აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილმა 30 სექტემბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ისინი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის საფრთხის შესახებ საუბრობენ. განცხადებაში არხის თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ 2019 წლის 19 აპრილის შემდეგ, როცა მრჩეველთა საბჭომ უნდობლობა გამოუცხადა დირექტორს, ნათია კაპანაძეს, გუნდმა მოახერხა ძალების მობილიზება და ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალი პოლიტიკის შენარჩუნება.

ტელევიზიის თანამშრომლები ამბობენ, რომ დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების შემდეგ, განვლილი 6 თვის განმავლობაში მათ ხელმეორედ დასჭირდათ საზოგადოების ნდობის მოპოვება.

„ახლა ვიმყოფებით განსხვავებულ ვითარებაში. გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში განვითარებული პროცესები დასასრულს უახლოვდება და იგი სარედაქციო პოლიტიკის ვექტორის შეცვლას გამოიწვევს“, - საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისთვის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გაგზავნილ მიმართვაში ჟურნალისტები აღწერენ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის საფუძველზეც აქვთ მოლოდინი, რომ მათ სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება:

დირექტორის შესარჩევი მეოთხე კონკურსი, განაცხადების მიღების დასრულებამდე 2019 წლის 24 სექტემბერს, 4 საათით ადრე, სასამართლოს გადაწყვეტილებით შეჩერდა. მოსამართლე კობა გოცირიძე, სარჩელის უზრუნველსაყოფად შემოიფარგლა მხოლოდ დაინტერესებული პირის, მოსარჩლის განცხადებით და არ გაითვალისწინა რისკები, რაც შეიძლება მაუწყებელს კონკურსის შეჩერებამ მოუტანოს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სასარჩელო მოთხოვნა ნათია კაპანაძესაც ჰქონდა, რომელმაც სასამართლოს უნდობლობის გამოცხადების შემდეგ მიმართა, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მას უკვე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა ურჩია. ასეთი პრაქტიკა, ჩვენი აზრით, შერჩევით სამართალზე მიანიშნებს.

მრჩეველთა საბჭოს მიერ ჩატარებულ დირექტორის შესარჩევ სამივე კონკურსში იგრძნობოდა პოლიტიკური ძალების ინტერესი. მეოთხე კონკურსი შესაძლოა დასრულებულიყო შედეგით, რადგან მრჩეველთა საბჭოს წევრების ნაწილმა არ გამორიცხა დირექტორის არჩევის შესაძლებლობა. მისი შეჩერებით პროცესის დასრულებამდე მიყვანას ხელი შეუშალეს, ინსტრუმენტად, ჩვენი აზრით, სასამართლო ხელისუფლება გამოიყენეს.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი საბჭოს უმრავლესობას უფლებამოსილების ვადა ეწურება. ახალი მრჩეველთა საბჭო კი, რომელშიც უმრავლესობა „ქართული ოცნების“კვოტით შევა, ჩვენი აზრით, ხელისუფლების მიმართ უფრო ლოიალურად განწყობილი იქნება“, - აღნიშნულია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილის განცხადებაში.

განცხადების ავტორებს სააპელაციო სასამართლოს ობიექტურობის იმედი არ აქვთ და დიპლომატიურ მისიებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს მიმართავენ, ყურადღებით დააკვირდნენ საქმის განხილვას სასამართლოს პირველ და მეორე ინსტანციებში, რათა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვა სახელისუფლებო გუნდის მიერ არჩეული და მის მიმართ ანგარიშვალდებული დირექტორის ხელში არ აღმოჩნდეს.

დღეს, 30 სექტემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG