Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: არანაირ გათეთრებებთან „პროგრეს ბანკს“ კავშირი არ ჰქონია, რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი?


თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მის მიერ დაფუძნებულ „პროგრეს ბანკს“ ფულის გათეთრებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია და ბანკის გადარიცხვებთან ბიძინა ივანიშვილი არაფერ შუაშია.

„პროგრეს ბანკის“ საშუალებით - იმ პერიოდში, როცა ბიძინა ივანიშვილი ბანკის თანამფლობელი იყო - ფულის სავარაუდო გათეთრებაზე მიუთითებს ოპოზიციური „მთავარი არხი“ და TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე.

„თუ ბანკი ფულის გათეთრებით იყო დაკავებული, ბატონმა ხაზარაძემ როგორ შეიძინა? არ გიჩნდებათ კითხვები ამასთან დაკავშირებით? 2 წლის მერე გაახსენდა, რომ თურმე ეგეთი ბანკი უყიდია“, - ამბობს კალაძე.

კახა კალაძის მტკიცებით, როცა მან პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიიღო, „პროგრეს ბანკს“ დაუწყეს ბრძოლა და გაკოტრება. მისივე თქმით, ერთადერთი მოტივი, რატომაც ბიძინა ივანიშვილმა „პროგრეს ბანკის“ წილი შეიძინა, ბანკის გადარჩენა იყო.

„პროგრეს ბანკი“ და ფულის გათეთრების ეჭვები

  • 2007 წელს „პროგრეს ბანკი“ კახა კალაძემ დააფუძნა;
  • 2011-2012 წლებში ბანკის 22%-მდე ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა;
  • 2013 წელს კახა კალაძემ „პროგრეს ბანკი“ დატოვა;
  • 2015-დან 2016 წლამდე, ბიძინა ივანიშვილთან ერთად ბანკის თანამფლობელი იყო ილია გავრილოვი, რომელიც საკონტროლო პაკეტს ფლობდა;
  • 2016 წელს, „პროგრეს ბანკის“ აქციების ნაწილი TBC ბანკმა შეიძინა;
  • 2016 წლის 19 ოქტომბერს „პროგრეს ბანკს“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია ეროვნულმა ბანკმა გაუუქმა.

iFact-ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად

საქართველოში შემოსვლიდან მალევე ილია გავრილოვის “ფედერალურ სადეპოზიტო ბანკს” რუსეთში საბანკო საქმიანობის ლიცენზია საეჭვო გადარიცხვებისა და კანონთან შეუსაბამო საკრედიტო პოლიტიკის გამო შეუჩერდა.

ჩრდილოკავკასიურმა პატარა ბანკმა “რაზვიტიემ” კი 2015 წელს 12 მილიონი აშშ დოლარი “პროგრეს ბანკში” დეპოზიტზე განათავსა. 2016 წლის ოქტომბერში კი ბანკმა ლიცენზია დაკარგა, სავარაუდოდ, ფულის მითვისებასა და განზრახ გაკოტრების გამო.

"მთავარი არხის" ვერსიით

არსებობს დოკუმენტები, რომლებითაც მტკიცდება, რომ „პროგრეს ბანკის“ განხორციელებული გადარიცხვებით, დიდი ალბათობით, მოხდა ფულის გათეთრება. "მთავარი არხის" მტკიცებით, ამ პერიოდში ბანკს ბიძინა ივანიშვილი ფლობდა.

მამუკა ხაზარაძის თქმით

მამუკა ხაზარაძე და TBC ბანკი მოლაპარაკებული იყო "სოსიეტე ჟენერალთან" ბანკ "რესპუბლიკის" აქციების შეძენაზე, მაგრამ ეროვნულმა ბანკმა ეს ტრანზაქცია გააჩერა ახსნა-განმარტების გარეშე.

"მე ეს გულის ტკივილით, თუ საყვედურის ტონით ვთქვი, რომ ამდენი ხანია საქართველოში ვაშენებ და რატომ ხდება ასე. ეს ვუთხარი ივანიშვილს. იქ ითქვა ასეთი რაღაც, თუ პროგრეს ბანკსაც იყიდით, იქნებ ეს გარიგება გამოვიდეს", - ამბობს ხაზარაძე.

TBC ბანკმა „პროგრეს ბანკის“ აუდიტი დაიწყო. აუდიტმა კრიტიკულად არასასურველი მდგომარეობა აღმოაჩინა, რამაც მამუკა ხაზარაძესა და TBC ბანკს ფულის გათეთრების ეჭვი აღუძრა. TBC ბანკმა შეიძინა „პროგრეს ბანკის“ მხოლოდ რამდენიმე ჯანსაღი აქტივი, ასევე, ბანკი "რესპუბლიკის" 94%-მდე წილი, 315 მილიონ ლარად.

„პროგრეს ბანკს“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია ეროვნულმა ბანკმა 2016 წლის 19 ოქტომბერს გაუუქმა.

ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „პროგრეს ბანკიდან“ საეჭვო გადარიცხვებისა და შესაძლო ფულის გათეთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ აქვთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG