Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დვალი და აქიმიძე „რუსთავი 2“-ის დასაბრუნებლად ქიბარ ხალვაშთან სასამართლო დავას იწყებენ


„რუსთავი 2“-ის თანადამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, სამაუწყებლო კომპანიის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში დავას იწყებენ. როგორც მათი ინტერესების დამცველმა, იურისტმა კახა კოჟორიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, სარჩელის მიზანია, მათ დაიბრუნონ ის, რაც წაართვეს - „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილი.

დვალისა და აქიმიძის მოპასუხე ქიბარ ხალვაში იქნება, რომელიც დღეის მდგომარეობით ტელეკომპანიის მესაკუთრეა. გარდა ამისა, მოპასუხე მხარე იქნება პაატა კარსანიძე. ოფიციალურად, სწორედ, მან შეიძინა 2004 წელს ორი თანადამფუძნებლის წილი და ერთ დღეში გაყიდა.

17 ოქტომბერს, 15:00 საათზე დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე სარჩელს შეიტანენ თბილისის საქალაქო სასამართლოში.

მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა და ქიბარ ხალვაშმა და მისმა კომპანიამ „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი გადაიფორმეს, მან დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ტელეკომპანიის 40%-იანი წილი შესთავაზა, რაზეც თანადამფუძნებლებმა უარი თქვეს.

„2004 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ მიტაცებულ ტელევიზიაში გამოთავისუფლებულ ადგილს წარმატებით და მეთოდურად იკავებს 2012 წელს სამართლიანობის აღდგენის დაპირებითა და ვალდებულებით მოსული „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. მივიჩნევთ, რომ 30 ივლისს ჩვენთვის „რუსთავი 2-ის“ 40%-იანი წილის შემოთავაზებაც ამის დასტურია“, - განაცხადეს დვალმა და აქიმიძემ.

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა რამდენიმე წლის წინ კი საჯაროდ გაახმოვანა დაპირება, რომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული საქმის მოგების შემთხვევაში, ტელევიზიის დირექტორობას დავით დვალს შესთავაზებდა და, ამასთან, მასა და აქიმიძეს ტელეკომპანიის წილის 50%-საც დაუთმობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG