Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავი 2-ის დამფუძნებლები: ქიბარ ხალვაშის არგუმენტები მისსავე საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული


„რუსთავი 2“-ის თანადამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, სამაუწყებლო კომპანიის 60 %-იანი წილის დასაბრუნებლად სასამართლოში დავის ახალ ეტაპს იწყებენ. როგორც 17 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მათ ჟურნალისტებს უთხრეს, მათი სტრატეგია მარტივია: გამოიყენებენ იმ სამართლებრივ არგუმენტებს, რაც ქიბარ ხალვაშის სარჩელის დაკმაყოფილების დროს გამოიყენა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ.

აქიმიძე-დვალის ადვოკატმა, კახა კოჟორიძემ, რომელმაც სარჩელი მოამზადა, ახსნა, რომ ამ სტრატეგიის შედეგად მოსამართლეს, რომელსაც საქმის განხილვა მოუწევს, მხოლოდ ორი არჩევანი ექნება: ან უნდა დააკმაყოფილოს რუსთავი ორის თანადამფუძნებლების სარჩელი, ან უნდა უარყოს ამავე საქმეზე უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისა და სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების უარყოფა კოჟორიძის თქმით საკმაოდ პრობლემური იქნება - გამომდინარე კანონიდან, რომლის თანახმადაც, ამ ინსტანციის განმარტებას აქვს კანონის ძალა და ყველა მოსამართლეს მართებს მისი გათვალისწინება.

ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელის საქმის სასამართლოში დაბრუნება ერთის მხრივ კიდევ ერთი მცდელობაა, დაიბრუნონ რუსთავი 2-ის 60%-იანი წილი, მეორეს მხრივ კი გამოცდა სამართლიანი სასამართლოსთვის. 17 ოქტომბერს მათ ხელისუფლებას მოუწოდეს, არ შეუშალოს ხელი სასამართლოს სარჩელის განხილვის პროცესში და კიდევ ერთხელ ახსნეს, რომ ტელეკომპანიის სრულად გადაცემა ქიბარ ხალვაშისთვის სამარლიანობის აღდგენად ვერ ჩაითვლება - მათი პოზიციის თანახმად რუსთავი 2-ის მიმართ სამართლიანობა მხოლოდ მაშინ აღსდგება, როდესაც ის დამფუძნებლებს დაუბრუნდება.

დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას 2014 წლის 16 ივნისს იძულებით დადებულ ხელშეკრულებამდე მაშინდელი ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ორგანიზებული შეტევაც გაიხსენეს: მათი თქმით ამ პერიოდში ისინი იყვნენ მუდმივი თვალთვალისა და შანტაჟის მსხვერპლები, ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა მათო ოჯახის წევრებზე და მუდმივი დაკვირვებისა და დევნის ქვეშ უწევდათ ცხოვრება. შესაბამისად, ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მათ 60%-იანი წილი პაატა კარსანაძეს გადასცეს, მათ თავისუფალ ნებას არ გამოხატავდა. პაატა კარსანაძემ მათგან ნაყიდი წილი იმავე დღეს მიჰყიდა ქიბარ ხალვაშს.

რუსთავი 2-ის დამფუძნებლები სასამართლო დავის პერიოდში ტელეკომპანიის იმ 60%-იანი წილის დაყადაღებასაც ითხოვენ, რომლის დასაბრუნებლადაც მიმართეს სასამართლოს.

ქიბარ ხალვაშის მიერ ტელეკომპანიის დირექტორად დანიშნული პაატა სალია თვლის, რომ აქიმიძე-დვალის და ქიბარ ხალვაშის სარჩელი ერთმანეთისგან განსხვავდება და დამფუძნებლების შემთხვევაში შესაძლოა ხანდაზმულობის საკითხი სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდეს.

"განსხვავება არის ქიბარ ხალვაშისა და ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელებს შორის, რადგან დროში ძალიან დიდი განსხვავებაა. პირველ რიგში, ქიბარ ხალვაშმა მიმართა 10-წლიანი ხანდაზმულობის პერიოდში საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით, ასევე მას ჰქონდა მიმართული პროკურატურისთვის, ჯერ კიდევ 2007 წელს ხანდაზმულობის ვადების დაცვით და სწორედ ეს შეაფასა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, რომ ქიბარ ხალვაშის მიერ პროკურატურისთვის მიმართვით დაცული იყო ხანდაზმულობის ვადა და სწორედ ამ შეფასებიდან გამომდინარე, დაკმაყოფილდა ქიბარ ხალვაშის სარჩელი. ამ შემთხვევაში ვნახოთ, როგორ შეაფასებს ხანდაზმულობის საკითხს სასამართლო, თუმცა ჩემი, როგორც იურისტის პოზიციაა, რომ მათი სარჩელი არის დაგვიანებული და მათ ამ სარჩელის წარდგენა უნდა მოეხერხებინათ 2014 წლამდე"- თქვა პაატა სალიამ რუსთავი 2-ის დამფუძნებლების ბრიფინგის შემდეგ.

მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა და ქიბარ ხალვაშმა და მისმა კომპანიამ „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი გადაიფორმეს, მან დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ტელეკომპანიის 40%-იანი წილი შესთავაზა, რაზეც თანადამფუძნებლებმა უარი თქვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG