Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დვალი-აქიმიძის გარდა, „რუსთავი 2“-ის უძრავი ქონება კრედიტორის მოთხოვნითაც არის დაყადაღებული


თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, 3 ოქტომბერს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის უძრავი ქონება კრედიტორის მოთხოვნით დააყადაღეს.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, „რუსთავი 2“-ის ორი დაყადაღებული შენობა ქალაქ თბილისში, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა #5ა-ში მდებარეობს. სასამართლოს განჩინებით მათი გასხვისება აკრძალულია.

21 ოქტომბერს კი ცნობილი გახდა, რომ „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილი თანადამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მოთხოვნით არის დაყადაღებული.

როგორც „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, „უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ყადაღა სხვა ყადაღაა“.

სალიას განმარტებით, ეს არის ერთ-ერთი კრედიტორის მიერ სასამართლოში დაწყებული დავა, რომელიც წინა მენეჯმენტის პირობებში „ხელოვნურად დაგროვებული დავალიანებიდან გამომდინარეობს“.

პაატა სალია კრედიტორს ჩვენთან საუბარში არ ასახელებს.

„არ გეტყვით, ვისთან გვაქვს დავა, რადგან შეიძლება, დავა მორიგებით დავასრულოთ. ამდენად არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამაზე ვილაპარაკოთ“, - გვითხრა სალიამ.

რაც შეეხება დვალი-აქიმიძის მოთხოვნით 60%-იან წილზე დადებულ ყადაღას, სალია ამბობს, რომ დეტალურად მხოლოდ მას შემდეგ ისაუბრებს, რაც განჩინება ჩაბარდება.

„ამ საკითხზე კოჟორიძის განცხადება მოვისმინე, რომ სასამართლომ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა. არ მგონია, სიმართლეს არ შეესაბამებოდეს. ამონაწერის მიხედვით კი 60%-იანი წილი ჯერჯერობით დაყადაღებული არ არის. არც სამეწარმეო რეესტრში არის მითითება. ჩამბარდება განჩინება და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - ამბობს სალია.

„რუსთავი 2"-ის თანადამფუძნებლების, ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის ადვოკატმა კახა კოჟორიძემ 21 ოქტომბერს თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მათი სამოქალაქო სარჩელი ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო და 60%-იანი წილი დააყადაღა.

XS
SM
MD
LG