Accessibility links

ეკა ბესელია პაატა სილაგაძეს: ხართ ჯალათი მოსამართლე, ასრულებდით პოლიტიკურ დაკვეთებს


თქვენ ჯალათი მოსამართლე ხართ, არაკომპეტენტური, პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი, თქვენნაირების არჩევა სამართალზე გადაბიჯება იქნება, - უთხრა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, პაატა სილაგაძეს, 23 ოქტომბერს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

„ნამდვილად ჯალათი მოსამართლე ხართ, რომელსაც ხელი არ აუკანკალდება, ისე გაასამართლებს ნებისმიერ ადამიანს, თუ მას ასეთი პოლიტიკური დავალება ექნება... თქვენ ასრულებდით იმ წინა რეჟიმის ყველა დავალებას იმიტომ, რომ ყოფილიყავით ამ კომფორტულ პოზიციაზე...

თქვენთვის სამართლიანობა, ჰუმანურობა, კანონის პატივისცემა არის აბსოლუტური სიყალბე და აბსოლუტურად არაფერს წარმოადგენს... თუ თქვენნაირ მოსამართლეს საქართველოს პარლამენტი აირჩევს, ის სამართალს, სამართლიანობას, როგორც ყველაზე მთავარ ღირებულებას, გადააბიჯებს, გადათელავს, ქვეყანასაც შეურაცხყოფას მიაყენებს... ეს თქვენს სხვა კოლეგებსაც ეხება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა განმარტა, რომ პაატა სილაგაძემ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა და ელემენტარული ადამიანობაც არ გამოიჩინა 2010 წელს, როდესაც ის, უზენაეს სასამართლოში მუშაობისას, მისი არასრულწლოვანი შვილის საქმეს განიხილავდა.

„უზენაესმა სასამართლომ მომცა ცნობა, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის, აქციების გამო და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, მანამდე არცერთი არასრულწლოვნის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული თავისუფლების აღკვეთა სასჯელის სახით... და პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ეს განაჩენი გამოიტანეს სწორედ ჩემი შვილის მიმართ... ჩემი ძმა სრულწლოვანი იყო და ის მძევლად იყო ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ ჩემი შვილი იყო ბავშვი, სკოლის მოსწავლე...

როგორც მოსამართლეს, ელემენტარული ადამიანური, ჰუმანური, რაღაცა ნაპერწკალი რომ გქონოდათ... ბავშვი გწერდათ - პროცესი დანიშნეთ და მინდა მოვიდე, მონაწილეობა მივიღოო... თქვენ დასაშვებადაც არ სცანით ეს საქმე, ჩათვალეთ - არანაირი დარღვევა არ იყო... განჩინებაში ჩანს თქვენი არაკომპეტენტურობა - სამი მუხლი გაქვთ მითითებული და სამივე არასწორად...

მაშინ მე სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძოდი და ამიტომ გამოუტანეს იმ ბავშვს ასეთი განაჩენი, რაც სხვა ბავშვების მიმართ არ გამოტანილა... და თქვენ რა გააკეთეთ? თქვენ ჩათვალეთ, რომ საერთოდ განსახილველიც კი არ იყო“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

„იმ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რაც საქმეში მაშინ იყო, დღესაც იმავე გადაწყვეტილებას მოვაწერდი ხელს“, - იყო პაატა სილაგაძის განმარტება. სილაგაძემ თავიდანვე უარი განაცხადა, ეპასუხა ეკა ბესელიას მიერ დასმული შეკითხვებისთვის. მისი განმარტებით, ბესელიას შურისძიება ამოძრავებს.

„როდესაც 10-კაციანი სიის ეტაპი დადგა, ქალბატონი ეკას პირველი კომენტარები იყო, რომ მისი შვილის მოსამართლე (უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის) კანდიდატად არ უნდა ყოფილიყო წარდგენილი... ტელევიზიაში, როდესაც საშუალება ეძლევა, ის ყოველთვის ამბობს და გამოკვეთილი აქვს აზრი იმისა, რომ მე უარყოფითი პიროვნება ვარ...

ასევე იყო „პალიტრა ნიუსის“ ტელევიზიაში გუშინ, როდესაც ინტერვიუს აძლევდა - აი, ნახავთ რა ელის მას, უარეს დღეში ჩავარდებაო... სასაცილოა ამ კანდიდატის წარდგენაო... მგონია, რომ ეს იქნება შურისძიების ეტაპი, რადგან მე მისი შვილის საქმე მაქვს განხილული“, - განაცხადა სილაგაძემ.

პაატა სილაგაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის უკვე მე-13 კანდიდატია, რომელსაც 23 ოქტომბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის ფორმატში უსმენენ.

  • 2019 წლის 3 ივნისს პაატა სილაგაძე უვადოდ დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლედ.
  • 2008-2019 წლებში ის იყო უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის მოსამართლე.
  • 2013-2017 წლებში სილაგაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო.

20-კაციანი სიის გარდა, რომელსაც პარლამენტი ამჟამად განიხილავს, პაატა სილაგაძე ასევე იყო იუსტიციის საბჭოს მიერ შედგენილი თავდაპირველი 10-კაციანი სიის შემადგენლობაშიც. კომიტეტის სხდომაზე სილაგაძემ თქვა, რომ კანდიდატობა მაშინ მას პირადად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ შესთავაზა, სატელეფონო საუბრის დროს.

10-კაციან სიას, რომელიც პარლამენტში 2018 წლის ბოლოს ხმაურიანი პროცესების ფონზე ჩავარდა, არასამთავრობო სექტორი „სასამართლოს კლანის“ ხელდასმით შექმნილს უწოდებს. საუბარია გავლენიან ჯგუფზე - ე.წ. მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანზე. მიხეილ ჩინჩალაძე ამჟამად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა, ხოლო ლევან მურუსიძე ამავე სასამართლოში უვადოდ არის გამწესებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG