Accessibility links

"შმაქსის" მძღოლები და "გირჩი" საპროტესტო აქციას მართავენ


პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრები და ე.წ. შმაქსების მძღოლები ტაქსების რეგულაციის ამოქმედების გამო საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც პარტიის ხელმძღვანელმა, ზურა გირჩი ჯაფარიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, აქციის მონაწილეებს 3 ძირითადი მოთხოვნა აქვთ.

პირველი, „შმაქსს“ თავი დაანებოს საპატრულო პოლიციამ. ბოლო რამდენიმე დღეა პოლიცია ნადირობს, მათ შორის, ღამე, რომ ცალ-ცალკე გამოიჭირონ „შმაქსისტები“. თორემ თქვენც ხედავთ, აქ დგას 100 მანქანა და ხმას არ სცემს არავინ.

მეორე, ყველა ჯარიმა, რომელიც გამოწერეს პირველი ოქტომბრიდან, გაუქმდეს, ამ ადამიანებს არ აქვთ მაგის ფული, რომ 200-200 ლარი გადაიხადონ.

მესამე, ტაქსის ეგრეთ წოდებული რეფორმა საერთოდ უნდა გააუქმონ. მანამ, სანამ „შმაქსში“ ჩაერთვებოდნენ, ეს ადამიანები ჩვეულებრივად ტაქსის მომსახურებას უწევდნენ დედაქალაქის მოსახლეობას, არავის არაფერს უშავებდნენ და ყველა კმაყოფილი იყო. გამოვარდა მერია და ერთ დღეში ეს ადამიანები უცებ აქცია კრიმინალებად და უწერს 200-ლარიან ჯარიმას. ეს უნდა დამთავრდეს. ამისთვის მივდივართ გომელაურთან“, - განაცხადა ზურა გირჩი ჯაფარიძემ.

მისი ინფორმაციით, ტაქსების რეფორმის დაწყებიდან დღემდე, თითქმის ერთი თვის განმავლობაში, „შმაქსის“ 20-მდე მძღოლი დაჯარიმდა. ზურა გირჩი ჯაფარიძე ვარაუდობს, რომ მათი რიცხვი მეტიც იქნება და არიან ადამიანები, რომლებმაც დაჯარიმების შესახებ შეტყობინება „გირჩში“ არ გააგზავნეს.

„გირჩის“ წევრები, „შმაქსისტებთან“ ერთად, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და საავტომობილო მსვლელობით ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლეს.

კომპანია „შმაქსი“ იურიდიულად რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. მისი ერთადერთი დამფუძნებელი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეა. კომპანიის წესდების მიხედვით, მისი ფუნქცია საღი აზრისა და საგანმანათლებლო იდეების გავრცელებაა.

„გირჩის“ ინიციატივა იყო პასუხი მერიის მიერ ინიცირებულ და მიმდინარე „ტაქსების რეფორმაზე“, რომლის ახალი ტალღის ამოქმედების შემდეგაც თბილისში ტაქსის ფუნქციის მქონე ავტომობილები მხოლოდ თეთრი ფერის შეიძლება იყოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG